სოფლის მეურნეობის პროდუქცია წლიურად 11.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ 2025 წლის მე-3 კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. საქსტატის განმარტებით ეს ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 24.2 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -6.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ანუ, რომ არა სეზონურ პროდუქციაზე ფასის კლება, ფასების ზრდა უფრო მასშტაბური იქნებოდა. და მიუხედავად ამისა, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 11.3 პროცენტით არის გაზრდილი, რასაც სტატისტიკის სამსახური ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.3 პროცენტიანი მატებით ხსნის. ამავე პერიოდში, ანუ ერთი წლის განმავლობაში, მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 9.4 პროცენტით, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 23.2 პროცენტით არის გაზრდილი.