თუ მუნიციპალური ბიუჯეტი ასი პროცენტით შესრულდა, მომავალ წელს დიდი დიღმისა და მეტროსადგურ დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მხოლოდ პროექტი გვექნება - Palitra News

თუ მუნიციპალური ბიუჯეტი ასი პროცენტით შესრულდა, მომავალ წელს დიდი დიღმისა და მეტროსადგურ დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მხოლოდ პროექტი გვექნება

2025-11-20 14:14:39+04:00

თუ მუნიციპალური ბიუჯეტი ასი პროცენტით შესრულდა, მომავალ წელს დიდი დიღმისა და მეტროსადგურ დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მხოლოდ პროექტი გვექნება. როგორც ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, 2026 წლის ბოლოსთვის დიდი დიღმიდან, მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის პროექტი დასრულებული უნდა იყოს. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ტრამვაის ხაზის და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება. ჯამში ამ მიმართულებით 2026 წელს 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მანამდე გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან ვიცით, დაგეგმილია დიდი დიღმიდან მეტრო/სადგურ „დიდუბის“ მიმართულებით 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომელსაც 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. მას შემდეგ, რაც საპროექტო დოკუმენტაცია იქნება მზად, უკვე 2027 და 2028 წელს, ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ჯამში 408 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, და წესით ექსპლუატაციაში გაშვებაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ არის ნავარაუდევი. ოფიციალურ ფინანსურ დოკუმენტში მერია აღიარებს, რომ არსებული საავტობუსო ინფრასტრუქტურა ვერ იძლევა დიდი დიღმის მოსახლეობის სრულფასოვანი სატრანსპორტო მომსახურების შესაძლებლობას, პიკის საათებში გაძნელებულია გადაადგილება გადატვირთული საავტომობილო გზების საშუალებით. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან, რაც საშუალებას მოგვცემს მოსახლეობას შევთავაზოთ კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება. თუმცა უკეთეს შემთხვევაში არსებული ვითარება უკეთესობისკენ მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეიცვლება