ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს დივერსიული აქტები, რომლებსაც რუსები ჩვენს ტერიტორიებზე, სხვადასხვა ქვეყანაში აწყობენ, უკიდურესად სერიოზულია. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ევროკავშირზე, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა შეფასდეს. კალასმა საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები მოიშველია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ჩადენილ ჰიბრიდულ ინციდენტებს სახელი უნდა დაერქვას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორიზმად შეფასდეს. ამასთან, კაია კალასის თქმით, რუსეთს საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და სწორედ ამიტომ ქვეყნისთვის პასუხის გაცემის დროს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვან.