დღეს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს - „ქართული ოცნების“ წევრები აღნიშნულ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ევროპელი ლიდერების განმარტებით, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები შეამცირა, ამის მიზეზად კი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ასახელებენ. ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზეც მსჯელობენ. როგორც ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საბოლოოდ შეწყდა. სამთავრობო გუნდში კი აცხადებენ, რომ ბრიუსელმა დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია.