საარჩევნო უფლებების შეზღუდვა თუ არჩევნების გარე ჩარევებისგან დაცვა? რას ემსახურება "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ახალი საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ? - ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხმის მისაცემად თანაბარი პირობების შეთავაზება და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაა. ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ წლებია რუსეთის ფედერაციაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები არ იხსნება, შესაბამისად სხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტებისგან განსხვავებით მათთან მიმართებით თანასწორობის პრინციპი დარღვეულია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯია და მიზანია გაანეიტრალონ ამომრჩევლები, რომელზეც დაშინება, მანიპულაცია, თუ ირიბი მოსყიდვა არ მოქმედებს.