ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი, რომლითაც ხაჭაპურის ინდექსი დგინდება გაზრდილია - Palitra News

ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი, რომლითაც ხაჭაპურის ინდექსი დგინდება გაზრდილია

2025-11-18 13:34:20+04:00

ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი, რომლითაც ხაჭაპურის ინდექსი დგინდება გაზრდილია. მხოლოდ ოქტომბერში, ხაჭაპურის მომზადება წლიურად 10.3%-ით გაძვირდა. ISET-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. წლიურად ფასების ზრდაზე გავლენა იქონია ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო თითქმის ყველა ინგრედიენის გაძვირებამ. მხოლოდ ერთ თვეში, ანუ ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადების ფასი 3.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც უკვე გითხარით, ფასი გაზრდილია 10.3%-ით. წლიურ ჭრილში თითქმის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა, გარდა რძისა, რომელიც პირიქით, 2.4%-ით შემცირდა, რაც სავარაუდოდ ე.წ. "რძის სკანდალთან" არის დაკავშირებული. დანარჩენ ინგრედიენტებს შორის ყველაზე მაღალი წლიური ფასების ზრდა კარაქზე დაფიქსირდა (+16.6%), მას მოსდევს ყველი (+13.3%), ფქვილი (+10.3%), კვერცხი (+4.3%) და საფუარი (+2.7%). ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია.