„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში - ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით პირდაპირ აისახება.
„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი - დასაქმება - „იგლ ჰილსის" პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
მეორე - ეკონომიკური ზრდა - პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;
მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა - მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის" პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის მტკიცებით, „არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა“.
„კამპანიის ინიციატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქართულ მიწას უცხოტომელებს გადასცემს: როგორც მოგეხსენებათ, სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც უცხოელებზე და უცხოურ კომპანიებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას კრძალავს. გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება კრწანისისა და გონიოს მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო მოცულობა 850 ჰექტარია, პროექტით გათვალისწინებულია მათი გამოყენება მხოლოდ დეველოპერული მიზნებისთვის და ამ მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ სახელმწიფო რჩება. შესაბამისად, არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, „იგლ ჰილსის" პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს,
მისი თქმით, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.
„კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და ამ მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვე ტყუილზეა აგებული, რადგან კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ის მყიდველს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ბარდება. ამასთან, საცხოვრებელი სივრცეები პროექტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა, რომლის მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია. მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში. კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. მთლიანობაში, ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რომლის ფარგლებში სტანდარტული კორპუსები შენდება და ბინები იყიდება. კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში, საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ გაანგარიშებაზეა დაფუძნებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.