დეკემბერში ევროკომისია ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საკითხიც იქნება განხილული. შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი საქართველოს, უცნობია. წინ საკითხზე წევრ სახელმწიფოთა მონაწილეობით განხილვები და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესია. ოპოზიცია და მმართველი გუნდი ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან. ქართული ოცნება ოპონენტებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს, როგორც ამბობენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს სანქცირებასა და ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვისთვის მუშაობდნენ. ბრალდებებს უარყოფენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საქართველოსთვის ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება, რადგან მათი შეფასებით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, დაზიანებული ურთიერთობები სწორედ, მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია.