სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია. მონაცემებს „გალთ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს. კვლევაში ნათქვამია, რომ პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ კი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ყოველთვიურ დონეს მიაღწია. გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 011 შეადგინა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევის თანახმად, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით, პირველად ბაზარზე კი დაგვიანებული რეგისტრაციების გავლენით, 12,6%-ით გაიზარდა. კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის სექტემბერში გაყიდვები წლიურად 81.8%-ით გაიზარდა, რაც რამდენიმე მასშტაბურ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებით იყო განპირობებული. ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაყიდვები წლიურად 16.4%- ით გაიზარდა. როგორც ირკვევა, 2025 წლის პირველ 9 თვეში თბილისში სულ 29 972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.