საქართველოში 2 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა დალომბარდებული. როგორც ირკვევა, ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებში ჯამში 2 მილიარდ 75 მილიონი ლარის მოძრავი ქონება დევს უზრუნველყოფაში. აქედან, ყველაზე დიდი წილი - 66% მისო-ებზე მოდის. უფრო დეტალურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო სექტორის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 1 მილიარდ 369 მილიონი ლარის ლომბარდული სესხი, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გარდა ამისა, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების პორტფელში 456 მილიონ 143 ათასი ლარის საცალო ლომბარდული სესხია. მაჩვენებელი აქაც გაზრდილია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი სესხების მოცულობა დაახლოებით 336 მლნ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ აქ არ შედის კონკრეტულად სალომბარდო საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების მონაცემები, რომელთა შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური პერიოდულად აქვეყნებს. ბოლოს საქსტატმა ლომბარდების საქმიანობის შესახებ ანგარიში 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მდგომარეობას ასახავდა. აღნიშნული სტატისტიკით, იმ დროს ბაზარზე სალომბარდე საქმიანობას 193 ორგანიზაცია ეწეოდა. ამავე სტატისტიკით, 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 329 მლნ ლარს შეადგენდა, გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი - იურიდიულ პირებზე მოდიოდა.