სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე 18 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტროს გეკა გელაძის განცხადებით, მეტ დეტალზე ინფორმაციას თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით მოგვიანებით გაავრცელებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა 11 ნოემბერს, ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.