დაკავებულია „სფერო“ ჰოლდინგის დამფუძნებელი, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება გიგა წულეისკირს მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ლარის თაღლითურად მითვისებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს „სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. „კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხა, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეფ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ამ გზით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხა. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.