საქართველოს ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში მგზავრთა საერთო რაოდენობის 10%-ს რუსული ავიაკომპანიები მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის მონაცემების მიხედვით, საჰაერო ავიაგადაზიდვების ლიდერი კვლავ უნგრული Wizz Air-ია, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 1 065 618 მგზავრი გადაიყვანა. მომსახურების წილით, მეორე ადგილზე თურქული ავიაკომპანიები (Turkish Airlines და Pegasus) არიან - ჯამურად 911 920 მგზავრით. რაც შეეხება რუსულ ავიაგადამზიდებს (Red Wings და Azimuth), ისინი მიმდინარე წლის პირველ 3 კვარტალში, უკვე მოემსახურნენ 666 604 მგზავრს. მოგეხსენებათ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ფრენები 2023 წელს განაახლეს. Red Wings-მა და Azimuth -მა პირველ წელს ბაზრის მხოლოდ 3%-იანი წილი დაიკავეს და როგორც ხედავთ, მათი წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად მზარდია. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 54 ავიაკომპანია ოპერირებს. აქედან 12 ავიაკომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, 42 კომპანია კი უცხოურია. მხოლოდ ამ წლია 9 თვეში, იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.