“ქართული ოცნება" ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიაში პირველ ფორუმზე არ მიიწვიეს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოსუფლება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოს ჩამოშორდა. ოპოზიციაში თვლიან, რომ ევროკავშირის ყველა ნაბიჯი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული - შესაბამისად, ევროინტეგრაციის უკუსვლასა და ვიზალიბერაციიის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ამავე დროს, პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. დასავლელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა, თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ პარტიაში. როგორც დღეს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში აბსოლუტურად განსხვავებულ სურათზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლა ყველა მიმართულებით იმდენად თვალსაჩინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.