დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ქალაქის ისტორიაში პირველად, მუსლიმმა კანდიდატმა, ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა, ხოლო აბიგეილ სპენბერგერმა და მიკი შერილმა - ვირჯინიასა და ნიუ ჯერსის გუბერნატორის არჩევნებში. ამასთან, კალიფორნიის ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს დემოკრატების ინიციატივას ოლქების რუკების გადახაზვაზე. აბიგეილ სპენბერგერი იქნება ვირჯინიას პირველი ქალი გუბერნატორი, ხოლო მიკი შერილი - ნიუ ჯერსის პირველი ქალი დემოკრატი გუბერნატორი. არჩევნები პირველ მნიშვნელოვან ტესტად მიიჩნევა დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში.