რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, ორი დემონსტრანტი დააკავეს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, ორი დემონსტრანტი დააკავეს

2025-11-01 14:03:52+04:00

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, ორი დემონსტრანტი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილია, როგორც სამოქალაქო აქტივისტები წერენ, პოლიციამ ის "ცისფერ გალერეასთან" დააკავა. მენთეშაშვილი აქციების აქტიური მონაწილეა. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, ის ერთხელ უკვე იყო დაკავებული. კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტი გიორგი წიქარიშვილია, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. კანონის გამკაცრების შემდეგ, შსს-მ ანტისამთავრობო პროტესტის 60-ზე მეტი მონაწილე დააკავა. ახალი კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის სასჯელად, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. პოლიციელები თითქმის ყოველ საღამოს აკავებენ აქციის მონაწილეებს, თუმცა პოტესტი მაინც გრძელდება. პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.