9 თვეში ბანკების მოგებამ 2.4 მლრდ ლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი მოგება „საქართველოს ბანკმა“ დაწერა, ხოლო მთელი მოგების 88% მხოლოდ ორმა ბანკმა გაინაწილა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 273 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდამ 107 მლნ ლარი შეადგინა. ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს 9 თვე “ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა, რომლის ზარალმაც 41 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ბუნებრივია საერთაშორისო სანქციების შედეგია. რუსული ბანკი იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო, ხოლო მისი ბიზნეს და საცალო პორტფელი, ლიბერთიმ და ბაზისბანკმა გადაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ დღეს ქვეყანაში 17 კომერციული და 2 მიკრობანკი ოპერირებს, თუმცა 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის წმინდა მოგებინან, უდიდესი წილი, ორი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი, მხოლოდ ორი ბანკის, საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის წილად მოდის, რაც მთელი მოგების თითქმის 88%-ია.