პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა. მედიის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაცი გვიან ღამით პარიზის რეგიონში დააკავა. გარდა ამისა, პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობების ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ძარცვაში მონაწილეობას აღიარებს. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ამასთან, როგორც პარიზის პროკურატურაში განმარტეს, მოპარული ძვირფასეულობები ხელისუფლებას ჯერ არ დაუბრუნებია. ორივე ეჭვმიტანილი გასულ კვირას დააკავეს. ერთ-ერთი სამართალდამცველებმა შარლ დე გოლის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა.ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. მუზეუმიდან წაღებული სამკაულების ღირებულება დაახლოებით 88 მილიონი ევროა.