სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია. პროცედურულად ახლა დოკუმენტი სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს. სარჩელით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელო ძლიერი საქართველოს და კოალიცია ცვლილებისთვის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვაა მოთხოვნილი. სარჩელის სამიზნეები ბრძოლის გაგრძელებას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გააქტიურებას აანონსებენ. საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია წერს, რომ აპირებს პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის და საკუთარი თავის წარმოსადგენად.
თავის მხრივ ლელო ძლიერი საქართველოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციირად გამოცხადების შესახებ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. მმართველ გუნდში წინასაარჩევნო დაპირების საბოლოოდ შესრულებას აანონსებენ და ამბობენ რომ ამ ინიციატივით ქვეყანაში დესტრუქციული ძალების არსებობას დაასრულებენ, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ რომ ქართული ოცნების სურვილია ქვეყანაში პროდასავლური ოპოზიცია გააქრონ და საზოგადოებას არჩევანის მრავალეფეროვნება წაართვან. საკითხს უკვე მოჰყვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა. საერთაშორისო პარტნიორები პარტიების აკრძალვის ინიციატივას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.