უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავიდ ვან ვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თუ გადაწყვეტს, გამონახოს საერთო ენა ჩინეთთან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შესამცირებლად, ეს ყველას დაეხმარება. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები კვირის ბოლოს შეხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმის დეტალების განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა პირველი აუცილებელი ნაბიჯია დიპლომატიური ძალისხმევის დასაწყებად. თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები დაუყოვნებლივ გამოყოფს 25 მილიონ ევროს უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საჭიროებების მხარდასაჭერად.