კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე „შაჰედის“ დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინელებს ეხმარება. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმისთვის ათასზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოიყენა. რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად კი ზელენსკიმ კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამავდროულად, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის არცერთ პროგრამაში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ევროპას უფრო მეტად აზიანებს. სლოვაკეთმა უკრაინის სამხედრო დახმარება 2023 წელს, ანუ მაშინ შეწყვიტა, როდესაც რობერტ ფიცო ხელისუფლებაში მოვიდა.