საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“გამარჯვებულებს დააჯილდოებს. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცემა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ინიციატივით, წელს მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა - თითოეულ მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ დონეზე, შეირჩა და დაჯილდოვდა 5 ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომლებიც მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრებიან.