გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, - ინფორმაციას„დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნს დორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა. დეპორტირებულებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი. მისმა ნათესავებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წელს მოკლეს. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს ვადიმ კრასიკოვს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა. 2024 წლის 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გერმანიამ კრასიკოვი რუსეთს გადასცა.