რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემასა და რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღით დარტყმასთან დაკავშირებით ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შესაძლო შეტევის შემთხვევაში შედეგები იქნება სერიოზული და ძალიან მკაცრი. შესაბამისი განცხადება პუტინმა გააკეთა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების XVII ყრილობის დასრულების შემდეგ. პუტინმა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შესაძლო მიწოდების გარშემო მიმდინარე დისკუსიები შეაფასა, როგორც კონფლიქტის შეგნებული გამწვავების მცდელობა და აღნიშნა, რომ ასეთ ქმედებებს მოსკოვის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. რაკეტების მიწოდების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის გაუარესება, ხოლო ფედერაციის საბჭომ აღნიშნა, რომ მსგავსი ესკალაცია რუსეთს აიძულებს, მკაცრი პასუხი გასცეს.