ტიციანო ფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელმაც ახალი, საოცრად ემოციური და გულწრფელი ეპოქა შექმნა იტალიურ მუსიკაში - Palitra News

ტიციანო ფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელმაც ახალი, საოცრად ემოციური და გულწრფელი ეპოქა შექმნა იტალიურ მუსიკაში

2025-10-23 13:22:20+04:00

მართალია, ტიციანო ფერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელმაც ახალი, საოცრად ემოციური და გულწრფელი ეპოქა შექმნა იტალიურ მუსიკაში, მაგრამ მუსიკოსს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია აღიარების მოპოვებამდე, რადგან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით გამოწვეული კომპლექსები, მოგვიანებით სერიოზულ პრობლემად იქცა, რამაც თვითრწმენა შეურყია და საკუთარ შესაძლებლობებში დააეჭვა.

* * *

ტიციანო ფერო 1980 წლის 21 თებერვალს დაიბადა იტალიის ქალაქ ლატინაში, სადაც მდორედ, განსაკუთრებული მოვლენების გარეშე მიედინებოდა ცხოვრება, მით უფრო, რომ პატარა ქალაქის მცირერიცხოვანი მოსახლეობა კარგად იცნობდა ერთმანეთს. ტიციანო ადრეული ბავშვობიდან გრძნობდა, რომ სხვებისგან განსხვავდებოდა, რადგან ყოველთვის ზედმეტად მგრძნობიარე, ემოციური და მორცხვი იყო.

ტიციანოს "ნაცნობობა" მუსიკასთან სამი წლის ასაკში შედგა, როცა სინთეზატორი მიიღო საშობაო საჩუქრად, შვიდი წლისამ კი, გიტარაზე დაიწყო დაკვრა, რამდენიმე სიმღერა შექმნა და კასეტაზე ჩაწერა. სწორედ მუსიკა იქცა მცირეწლოვანი ფეროსთვის ერთგვარ თავშესაფრად, რომლის წყალობით ლაღად და კომფორტულად გრძნობდა თავს. სხვათა შორის, ადრეულ ასაკში დაწერილი ორი სიმღერა მოგვიანებით დამუშავდა და მის ალბომში Nessuno è solo-ში შევიდა.

მოზარდი ფერო ჭარბი წონით იტანჯებოდა, რაც ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზი გახდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც გულწრფელად მოუთხრო მკითხველს საკუთარი ბრძოლაზე ზედმეტ კილოგრამებთან და რამდენად ძვირი დაუჯდა თვითშეფასების ამაღლება.

* * *

1997 წელს ტიციანომ Sanremo-ს ახალგაზრდულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მართალია, დამარცხდა, მაგრამ საჭირო გამოცდილება მაინც შეიძინა, "ჩემთვის წაგებაც გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან ზოგჯერ სწორედ მარცხია ერთადერთი გზაა, ამოიცნო საკუთარი თავი", - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელიც სწორედ წარუმატებლობის შემდეგ შეუდგა არანჟირებისა და პროდიუსინგის შესწავლას. გარდამტეხი 21 წლის ფეროსთვის 2001 წელი გახდა, როცა სადებიუტო ალბომი Rosso Relativo და ცნობილი ჰიტი Xdono (Perdono) გამოუშვა, რომელმაც ჯერ იტალიური, მერე ევროპული ჩარტები დაიპყრო.

ფეროს პოპულარობა პირველ რიგში მისმა მასშტაბურობამ, მრავალფეროვანმა შემოქმედებამ განსაზღვრა, რომელმაც პოპის ჟღერადობა, სოულის ემოციურობასთან, R&B-ის რიტმულობასა და იტალიური ბალადების მელოდიურობასთან გააერთიანა.

მართალია, ტიციანოს ტექსტები მარტივი, მაგრამ ყოველთვის აქტუალური და გულწრფელია, რადგან საკუთარ კომპოზიციებში, რომლებიც ალბომებში 111, Nessuno è solo, Alla mia età და L’amore è una cosa semplice გაერთიანდა, მუსიკოსი მეტწილად ადამიანურ ურთიერთობაზე, სიყვარულისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის ძიებაზე მოუთხრობს მსმენელს. სხვათა შორის, მისმა ალბომებმა, რომლებიც 20-მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში, პლატინის ან ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა იტალიაში.

აღსანიშნავია, რომ ფერო ერთადერთი იტალიელი მომღერალია, რომლის თითქმის ყველა კომპოზიცია ორ ენაზე - იტალიურად და ესპანურად ჩაწერა, რისი წყალობით მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა ლათინური ამერიკის ქვეყნებში და თანამედროვე მუსიკის კლასიკად იქცა იტალიაში. სხვათა შორის, მშობლიურთან ერთად, ტიციანო სრულყოფილად ფლობს ესპანურს, ფრანგულს და ინგლისურს.

* * *

2010 წელს ფერომ ურთულესი ნაბიჯი გადადგა, როცა ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში საჯაროდ განაცხადა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ერთ-ერთი პირველი იტალიელი სუპერვარსკვლავი გახდა, ვინც არ შეუშინდა საკუთარი იდენტობის აღიარებას.

მართალია, მისივე განცხადებით, წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა, რადგან ვერასდროს დაიჯერებდა, რომ ოდესმე მსგავსი განცხადების ღიად გაკეთების სითამამე ეყოფოდა, მაგრამ სინამდვილეში, არც მანამდე მალავდა ტკივილს, რომელსაც მეტწილად მუსიკით გადმოსცემდა. "მუსიკა მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა არ გეშინია თქვა შენი სიმართლე", - სწორედ ასე ახსნა საკუთარი გულწრფელობა მუსიკოსმა.

2019 წელს ფერომ ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა ამერიკელ პროდიუსერთან ვიქტორ ალენთან და მართალია, 2022 წელს პარტნიორებმა ორი ბავშვი - მარგერიტა და ანდრესი იშვილეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს, რის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა ტაბლოიდებში, თუმცა ამჯერად მუსიკოსი მშვიდად, ემოციების გარეშე შეხვდა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას.

* * *

უფროსი კოლეგის ადრიანო ჩელენტანოს განცხადებით, ფერომ სამუდამოდ შეცვალა იტალიური პოპ-მუსიკის სტრუქტურა, რომელსაც ემოციური ტექსტების წყალობით შესძინა მეტი სიღრმე და მგრძნობიარობა.

"რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელზეც ის მღერის, არ არის იდეალური, მაგრამ ის რეალური, ადამიანური და ბევრად უფრო ფასეულია. ფეროს კომპოზიციები გვახსენებენ, რომ არც მარტოობაა სირცხვილი, არც იმედგაცრუება, რადგან ერთიც და მეორეც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ტიციანო დღემდე იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ღიად საუბრობს საკუთარ სულიერ სამყაროზე. მისი ყოველი სიმღერა თითქოს ერთ ფრაზას იმეორებს: იყავი ის, ვინც ხარ და ნუ შეგეშინდება სიყვარულის. ტიციანო ფერო - არის ხმა, რომელიც არ ყვირის, მაგრამ ყოველთვის ისმის. ხმა, რომელმაც ჯერ იტალიას, მერე მთელ სამყაროს დაუმტკიცა, რომ ყველაზე ძლიერი მელოდია გულიდან მოდის", - აღნიშნა იტალიური მუსიკის ვეტერანმა ადრიანო ჩელენტანომ.