კაია კალასი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა - პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება - Palitra News

კაია კალასი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა - პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება

2025-10-23 11:29:37+04:00

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს“, - წერს კაია კალასი X-ზე.

ასევე, კალასის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.

„პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება“, - აღნიშნავს კალასი.

ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.