მმართველი გუნდი კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს კვირის ბოლომდე წარადგენს. “ქართული ოცნებაში” არ ასახელებენ კონკრეტულად ვის შეეხება საკონსტიტუციო სარჩელი, მაგრამ მათი თქმით, ამ სიაში აუცილებლად იქნებიან ის პარტიები და პირები რომლებიც მათი აზრით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ საქმეებში იყვნენ ჩართული. პარტიების გაუქმებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ მოსალოდნელ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმა და მას კონსტიტუციური კონტროლის რეალური მექანიზმი წაართვა. ისინი ოპოზიციის აკრძალვის შემთხვევაში ქვეყანაში რუსული რეჟიმის დამკვიდრების საფრთხეებზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ პრობლემების მოგვარებისა და კრიზისის დაძლევის ნაცვლად “ქართული ოცნება” პოლიტიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ოპოზიცია მთავარ გამოსავალს სამართლიან არჩევნებსა და საზოგადოების პროტესტის გაძლიერებაში ხედავს.