უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი იმ სარჩელის შინაარსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი გადაწყვეტილება ემყარება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც რიგ ოპოზიციურ ძალებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში სდებს ბრალს. ოპოზიციაში კი ამ ნაბიჯს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ. მათივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად სასამართლოს იყენებს და ამ გზით ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ისინი ბრძოლას მაინც გააგრძელებენ. მათივე განმარტებით, თუ სასამართლო დააკამყოფილებს სარჩელს, ისინი ამ შემთხვევაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.