მთავრობამ ათობით ჰესზე გაფორმებული პირდაპირი კონტრაქტი შეწყვიტა. საუბარია რამდენიმე ათეული ჰესის, ქარის და მზის ელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით პირდაპირი წესით გაფორმებულ კონტრაქტზე, ჯამში 1746 მგვტ. სიმძლავრის. ყველა ეს პროექტი ადრეული, ანუ სადოკუმენტაციო ეტაპზე იყო და მათზე სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმებული ჯერ არ ჰქონდა, თუმცა სახელმწიფო ხელშეკრულების გაფორმებას პირდაპირი კონტრაქტების დადებით გეგმავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის დარგში რიგი აუცილებელი ღონისძიების გატარებას უკავშირდება. ასე მაგალითად, დადგენილებაში ნათქვამია, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კერძო ინიციატორების მხრიდან, ხდებოდა ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის ქარის, მზის და ჰიდრო სადგურების პროექტის ინიცირება და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტებზე არ არსებობს მათზე გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი, ხდებოდა მათი გათვალისწინება მომავალი წლების ენერგო ბალანსში, და ასევე გათვალისწინებული იყო „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში“. ასევე აღნიშნული პროექტების მიერ დარეზერვებული ტერიტორიები მიიჩნეოდა დაკავებულად. რთული სათქმელია, რამდენად უკავშირდება ეს გადაწყვეტილება მიმდინარე გამოძიებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში შესაძლოა კორუფციულ გარეგიებებს სწავლობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. გამოძიება მას სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორის არის სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა. ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომეო მიქაუტაძის ყოფილმა თანამშრომლემა მისცა ჩვენება, სადაც თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე "მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა და როცა სამინისტროში რიგი საკითხები ამ კომპანიებს ეხებოდა, თანამშრომლები მას ამის შესახებ ახსენებდნენ.