საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცოდნის საერთაშორისო ფორუმში ჩაერთო. მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე კომისიამ შეიმუშავა.ფორუმზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“, რომლის ფარგლებშიც გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი და სხვა ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლები.