ComCom-ის მიერ ჩატარებული IP პირინგის მომსახურებისა და IXP-ის განვითარების ბარიერების კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ IP პირინგის ბაზარი მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის შემზღუდველია, ხოლო IXP-ის განვითარების პროცესი მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდის. კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული გამოწვევები ხელს უშლის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ინტერნეტის კონკურენტულ ფასად მიწოდებას და ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, ხოლო მათი აღმოფხვრა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ციფრულის ჰაბის პოტენციალის რეალიზებას. მათივე რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებმა ტელეკომ ოპერატორების, მათ შორის „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“ და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს კვლევის შედეგები წარუდგინეს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კვლევის მიგნებები და სამოქმედო რეკომენდაციები.