ირაკლი კობახიძე - მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ნგრევა, ხოლო მშვიდობის - ქვეყნის წინსვლა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ნგრევა, ხოლო მშვიდობის - ქვეყნის წინსვლა

2025-10-17 11:58:10+04:00

ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ხალხის მეტი კეთილდღეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ მზადყოფნას ნიშნავს და ამ მუდმივ მზადყოფნაში ვეტერანების გამოცდილება ფასდაუდებელია“.

„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის.

ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.

მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია”,- განაცხადა კობახიძემ

მისივე თქმით, მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

„მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი - ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ხალხის მეტი კეთილდღეობაა“,- განაცხადა კობახიძემ.

მან ვეტერანებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ღვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას!“- განაცხადა კობახიძემ.