უცხოური მედიის ინფორმაციით, პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც საზღვრის გასწვრივ მომხდარი საჰაერო და სახმელეთო შეტაკებების შედეგად 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 დაიჭრა. ყოფილ მოკავშირეებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანის მთავრობას მოსთხოვა, შეეჩერებინა მებრძოლები, რომლებიც პაკისტანზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. თალიბანი უარყოფს ბრალდებას და პაკისტანის სამხედრო ძალებს ავღანეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, სასაზღვრო დაძაბულობის პროვოცირებასა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს და რომ ზავი ქაბულმა მოითხოვა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „პაკისტანის მხარის დაჟინებული მოთხოვნით“ ამოქმედდა.