საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 77% საპროცენტო შენატანებზე მოდის - Palitra News

საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 77% საპროცენტო შენატანებზე მოდის

2025-10-16 14:14:19+04:00

საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 77% საპროცენტო შენატანებზე მოდის. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 15.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საფინანსო სექტორის შემოსავლები დაახლოებით 10.5 მლრდ ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების უდიდეს ნაწილს, თითქმის 77%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა. ამასთან, 2024 წლის დასასრულისთვის, საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს,ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.5 მლრდ.ლარი შეადგინა. 2024 წელს საფინანსო მომსახ ურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა,ამასთან, 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ 1.1 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.7% სამედიცინო(ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.8% – ქონების დაზღვევაზე, 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი(29.2%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა. 2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 707 მლნ. ლარს გადააჭარბა, რომლის 52.6% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდიოდა.