საოპერო მუსიკის ისტორიაში დღემდე არ არსებობს იმ მასშტაბის მოვლენა, როგორადაც ე.წ. "სამი ტენორის" ფენომენი იქცა გასული საუკუნის ბოლოს, რადგან ბრწყინვალე შემსრულებლებმა ლუჩანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ და ხოსე კარერასმა არა მხოლოდ კლასიკური და პოპულარული მუსიკის "დანათესავება" შეძლეს, არამედ ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა შექმნეს მუსიკის ისტორიაში - Palitra News

საოპერო მუსიკის ისტორიაში დღემდე არ არსებობს იმ მასშტაბის მოვლენა, როგორადაც ე.წ. "სამი ტენორის" ფენომენი იქცა გასული საუკუნის ბოლოს, რადგან ბრწყინვალე შემსრულებლებმა ლუჩანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ და ხოსე კარერასმა არა მხოლოდ კლასიკური და პოპულარული მუსიკის "დანათესავება" შეძლეს, არამედ ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა შექმნეს მუსიკის ისტორიაში

2025-10-16 11:13:19+04:00

* "სამი ტენორი - პავაროტი, კარერასი და დომინგო' -

საოპერო მუსიკის ისტორიაში დღემდე არ არსებობს იმ მასშტაბის მოვლენა, როგორადაც ე.წ. "სამი ტენორის" ფენომენი იქცა გასული საუკუნის ბოლოს, რადგან ბრწყინვალე შემსრულებლებმა ლუჩანო პავაროტიმ, პლასიდო დომინგომ და ხოსე კარერასმა არა მხოლოდ კლასიკური და პოპულარული მუსიკის "დანათესავება" შეძლეს, არამედ ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა შექმნეს მუსიკის ისტორიაში.

* * *

ტენორების ერთობლივი დებიუტი 1990 წლის 7 ივლისს შედგა რომში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინა საღამოს. მუსიკოსების გამოსვლა სწრაფადვე შეფასდა კრიტიკოსების მიერ "უდიდეს მოვლენად", რადგან მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა რომ სამი ტენორი ერთად აღმოჩნდებოდა სცენაზე. სხვათა შორის, პირველი კონცერტის ჩანაწერმა რამდენიმე კვირაში დაამყარა რეკორდი და ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა საოპერო მუსიკის ისტორიაში.

"ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი - სამი საოპერო ლეგენდა, სამი ხმა და სამი განსხვავებული ისტორიაა, რომლებიც მსოფლიოს მუსიკით გაერთიანების სურვილით შეიკრიბნენ. არიამ Nessun dorma-მ პუჩინის "ტურანდოტიდან" პირველი ნოტებიდანვე გააპო ჰაერი. ეს მართლაც შთამბეჭდავი მომენტი იყო, რადგან საოპერო მუსიკა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა რჩეულთა ხელოვნებად, ერთ წამში გახდა ყველას საკუთრება", - აღფრთოვანებით აღნიშნა იტალიური გაზეთის La Repubblica-ს მიმომხილველმა ჯოვანი პირანდელომ.

* * *

მართალია, 1990 წლის ივლისის თვეში "სამმა ტენორმა" ახალ კულტურულ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად ადრე, მეგობრობისა და თანადგომის გამოხატვის სურვილით დაიწყო.

1987 წელს ხოსე კარერასს მედიკოსებმა ლეიკემიის მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, რომელმაც დიდი ხნით აიძულა საშემსრულებლო კარიერაზე უარის თქმა. მძიმე სენისა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, მუსიკოსმა მაინც არ დაიხია უკან და რამდენიმე თვის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობის დროს ერთ-ერთი პირველი, ვინც კარერასს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურადაც ამოუდგა მხარში, პლასიდო დომინგო იყო, რომელსაც წლების მანძილზე უწევდა კონკურენციას.

* * *

მეტოქეობის მიუხედავად, მუსიკოსებმა ამბიციები დაივიწყეს და საუკეთესო მეგობრები გახდნენ, მოგვიანებით კი, გამოჯანმრთელების და მადლიერების ნიშნად განსაკუთრებული კონცერტის მოწყობა გადაწყვიტეს, რომელიც არა პაექრობის, არამედ მეგობრობისა და მუსიკალური შესაძლებლობების ურთიერთგაზიარების სიმბოლო გახდებოდა.

კოლეგების იდეა იტალიელმა ტენორმა ლუჩანო პავაროტიმაც მოიწონა, რომელმაც ბევრად ადრე "დაძლია" ოპერის საზღვრები და სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულების წყალობით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. დირიჟორად ტრიომ ქარიზმატული ინდოელი მაესტრო ზუბინ მეჰტა მიიწვია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა კლასიკურ მუსიკას.

* * *

მართალია, სამივე შემსრულებელი ტენორი იყო, მაგრამ ყველას განსხვავებული ტემბრი ჰქონდა, რადგან პავაროტი ლირიკულ-დრამატული, კარერასი ლირიკული ტენორით გამოირჩეოდა, დომინგოს ტემბრი კი, ბარიტოს უახლოვდებოდა. სწორედ ამგვარმა მრავალფეროვნებამ, თუმცა უნაკლო ბალანსმა და ჰარმონიამ განსაზღვრა მათი პროექტის უნიკალურობა, რამაც არა მხოლოდ მელომანები აღაფრთოვანა, არამედ ისინიც მოხიბლა, ვინც მანამდე ნაკლებად წყალობდა საოპერო მუსიკას.

"სამი ხმა და სამი განსხვავებული სამყარო. თითქოს ბუნებამ სპეციალურად შექმნა სამი განსხვავებული ტემბრი, რათა მერე ერთ მთლიანობად ექცია. პავაროტი ისე ფლობს ხმას, როგორც მხატვარი ფერებს. მისი ტემბრი მზიანი და ნათელია. ოპერისგან პავაროტიმ ემოცია და მელოდია ისესხა, რომელიც ქუჩაში გაიტანა და სწორედ ამიტომ იქცა "ხალხის ტენორად". დომინგოს ძლიერ ხმაში ენერგია და ბრძოლის ჟინი იგრძნობა, რადგან არა უბრალოდ მღერის, არამედ თითოეული ნოტით ჰყვება ისტორიას, კარერასის ტენორი კი, ცოტა სევდიანი, უფრო რბილი და მგრძნობიარეა, თუმცა სამივე ერთად იმ ჰარმონიას ქმნის, რომლის განმეორება თითქმის შეუძლებელია", - სწორედ ასე ახსნა "სამი ტენორის" უნიკალურობა მათი შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა ენიო მორიკონემ.

* * *

რომში გამართული სადებიუტო კონცერტის შემდეგ, "სამი ტენორის" პროექტი მოულოდნელად იქცა გლობალურ ფენომენად. მუსიკოსებმა ჯერ ვენასა და პარიზში მოაწყეს გამოსვლები, მერე ოკეანის გადაღმა გაემგზავრნენ გასტროლებით და გრანდიოზული კონცერტები გამართეს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში.

აღსანიშნავია, რომ ტენორების საკონცერტო პროგრამა ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა, რადგან მუსიკოსებმა არ ისურვეს საოპერო კლასიკით შეზღუდვა და საკუთარ რეპერტუარში ნეაპოლიტანურ სიმღერებთან ერთად ესპანური რომანსები და ჰოლივუდური ჰიტებიც გააერთიანეს, რისი წყალობით აკადემიურობის ზღვარი გადალახეს და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლეს, რადგან ელიტური მუსიკა პოპ-კულტურასთან გააერთიანეს.

მართალია, კრიტიკოსების ნაწილმა კლასიკური მუსიკის კომერციალიზაცია დაიწუნა, რადგან ე.წ. მაღალი ხელოვნება არა მხოლოდ რადიოთი, არამედ კაფეებსა და საფეხბურთო სტადიონებზეც გაჟღერდა, თუმცა ვერავინ უარყო ფაქტი, რომ სწორედ ტენორებმა შეძლეს კლასიკური მუსიკის მასებამდე მიტანა, ისე რომ არც ხარისხი დაუკარგეს, არც ჩვეული ელეგანტურობა.