ოქროს გაძვირების პარალალურად, გლობალურად ძვირდება ვერცხლიც. მხოლოდ ბოლო ექვს თვეში, ერთი უნცია ვერცხლის ფასი გლობალურ ბაზრებზე 60%-ით არის გაზრდილი, ერთ წელიწადში ვერცხლის ფასი თითქმის 65%-ით გაიზარდა, ხუთი წლის განმავლობაში 113%-ით, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის 567%-ით. ვაჭრობის ბოლო მონაცემებით, ერთი უნცია ვერცხლი გლობალურ ბაზრებზე 52 დოლარად ივაჭრება. Trading Economics-ის ცნობით, ვერცხლის ფასის ზრდას ხელი შეუწყო გლობალურად არსებულმა გაურკვევლობამ და უსაფრთხოების გამოწვევებმა. ამასთანავე, ინვესტორები ელიან, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვები საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო შეამცირებს. ამას ემატება გლობალური პოლიტიკური გაურკვევლობა, მათ შორის აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“, საფრანგეთში არეულობა და იაპონიაში ხელმძღვანელობის ცვლილება, რაც ხელს უწყობს ვერცხლსა და სხვა ძვირფას, საინვესტიციო ლითონებზე მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასების ზრდას. სხვათა შორის, ბოლო ვაჭრობის შედაგად უნცია ოქრო უკვე 4123 დოლარი ღირს, ეს კი თითქმის 55%-ით მეტია წინა წლის, და 778%-ით მეტია 20 წლის წინანდელ ფასებთან შედარებით, როცა უნცია ოქრო გლობალურ ბაზრებზე 500 დოლარიც კი არ ღირდა