„გალთ ენდ თაგარტი“ კიდევ ერთ კველავას აქვეყნებს, სადაც საუბარია ხელფასების ზრდის მოლოდინებზე. კვლევის თანახმად, საშუალო, ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 2025 წელს 10.%-ით გაიზრდება, ხოლო 9%-ით 2026 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, მედიანური ყოველთვიური ხელფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა, ხოლო რეალურმა ზრდამ 6.4% შეადგინა და თანხობრივ გამოსახულებაში 1,332 ლარი შეადგინა, რაც 32.4%-ით ნაკლებია საშუალო ყოველთვიურ ხელფასთან შედარებით. ამ ტერმინებმა რომ არ დაგვაბნიოს, მედიანური ხელფასი ხელფასების დონის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მედიანური ხელფასის დასათვლელად ინდივიდუალური ხელფასის მაჩვენებლები უნდა დალაგდეს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით და ზუსტად შუაში არსებული რიცხვი იქნება მედიანური ხელფასი. ამით განსხვავდება ის ხელფასის საშუალო მაჩვენებლისგან და ხელფასების დონის შესასწავლად უფრო ადეკვატურ სურათს იძლევა. სექტორების მიხედვით თუ ვნახავთ, 2024 წელს ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი სახელმწიფო მმართველობაში იყო 2 128 ლარი, შემდეგ მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობა 2069 ლარი, შემდეგ ინფორმაცია და კომუნიკაცია 1983 ლარი, რასაც მოსდევს მშენებლობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა. ამასთან, 2024 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება განათლების სექტორში -969 ლარი, და ასევე წყალმომარაგებაში 987 ლარი.