უცხოური მედიის ინფორმაციით, მექსიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა და 65 დაკარგულად ითვლება. მექსიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად 100 000-მდე სახლი დაზიანდა. სამოქალაქო დაცვის ეროვნული კოორდინატორის, ლაურა ველასკესის ინფორმაციით, ყველაზე მეტად იდალგოს და ვერაკრუსის შტატები დაზარალდა. ვერაკრუსში 29 ადამიანი დაიღუპა და 18 დაკარგულად ითვლება, იდალგოში კი სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა და 43 დაკარგულად ითვლება. წვიმამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, დაიტბორა და ტალახით დაიფარა ქუჩები. ხელისუფლებამ ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილების ევაკუაციის, დასუფთავებისა და მონიტორინგის მიზნით შესაბამისი სამსახურების ათასობით თანამშრომლის მობილიზება მოახდინა.