უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთზე იმ დონის ზეწოლას გამოიყენებს, როგორსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად მიმართა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად ორი რამ არის საჭირო – საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. აშშ-ის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან კარგი საუბრები ჰქონდა და აღნიშნავს, თუ როგორ განსხვავდება მისი მიდგომა ბაიდენის ადმინისტრაციისგან იარაღის მიწოდების საკითხში. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინა „პატრიოტისა“ და „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს ითხოვს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდება რუსეთთან კონსულტაციას მოითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები შესაძლოა, მოლაპარაკების ინსტრუმენტად გამოიყენოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, ყველასთვის ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.