ლოკაციები ცნობილი ფილმებიდან -
Stand up1:-მართალია, ბევრი თვლის, რომ ფილმის წარმატებას მხოლოდ შემოქმედებითი ჯგუფი უზრუნველყოფს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ლოკაცია, რომელიც მსახიობებთან ერთად მოუთხრობს მაყურებელს საინტერესო ისტორიებს. მეტიც, სწორედ ფონად ქცეული ბუნებრივი დეკორაცია - ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი ღირსშესანიშნაობები ანიჭებენ ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს და ქმნიან საერთო განწყობას.
* "ტკბილი ცხოვრება" -
ფედერიკო ფელინის საკულტო ფილმი "ტკბილი ცხოვრება" პოპულარული გამოცემის ჟურნალისტზე - მარჩელო რუბინიზე მოუთხრობს მაყურებელს, რომელსაც ნაკლებად გამოსდის სერიოზული რეპორტაჟების მომზადება, რადგან ყოველ საღამოს მოდურ წვეულებებს სტუმრობს და პრაქტიკულად ფუჭად ხარჯავს მთელ ცხოვრებას. მართალია, მარჩელოს საშინლად სტანჯავს ერთფეროვნება და ყოველდღიური რუტინა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს საკუთარი ცხოვრების შეცვლას.
ფილმი გამოსვლისთანავე აკრძალა ქვეყნის მთავრობამ ფერნანდო ტამბრონის ხელმძღვანელობით, თუმცა მისი გადადგომის შემდეგ "ტკბილი ცხოვრება" გაქირავებაში ჩაეშვა და არა უბრალოდ პოპულარობა მოიპოვა, არამედ ფელინის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. რა თქმა უნდა, სატირული ტრაგიკომედიის წარმატება პირველ რიგში მარჩელო მასტროიანის და ანიტა ეკბერგის ბრწყინვალე თამაშმა განსაზღვრა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რომის ცნობილი ღირსშესანიშნაობის - ტრევის შადრევანის ფილმში გამოჩენა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ობიექტად და იტალიური კინოს სიმბოლოდ იქცა.
* * *
Stand up2”-ლოკაციის მოძიება ფელინის თავად ეკბერგმა შთააგონა, რომელმაც "ტკბილი ცხოვრების" გადაღებებამდე ორი წლით ადრე, სწორედ ტრევის შადრევანთან მოაწყო ფოტოსესია ცნობილ ფოტოგრაფთან პიერლუიჯი პრატულონისთან ერთად. ფოტოებით, რომლებიც პოპულარულ ჟურნალში Tempo Illustrato-ში დაიბეჭდა, ისე აღფრთოვანდა ფელინი, რომ ანალოგიური სცენის მოფიქრება გადაწყვიტა საკუთარი ფილმისთვის.
ეპიზოდის გადაღება 1959 წლის იანვრის თვეში დაიწყო და მთელი კვირა გაგრძელდა. მართალია, გაკაჟებული შვედი მსახიობისთვის იტალიური ზამთარი ნაკლებად შემაწუხებელი აღმოჩნდა, მაგრამ მასტროიანი, რომელსაც ყოველდღე რამდენიმე საათი უწევდა ცივი შხაპის მიღება, ძალიან დაითრგუნა. მსახიობმა უარიც კი თქვა ფილმში მონაწილეობაზე და მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა სამოსის ქვეშ ჰიდროკოსტიუმი ჩააცვეს და ალკოჰოლური სასმელი გამოუყვეს გასათბობად.
* * *
მართალია, ფილმში რამდენიმე შთამბეჭდავი სცენა ილუსტრირებს მთავარი გმირის - სილვიას "ტკბილ ცხოვრებას", მაგრამ სწორედ შადრევნის ეპიზოდმა მოიპოვა პოპულარობა, რისი მიზეზი პირველ რიგში ანიტა ეკბერგი გახდა. შვედი მსახიობის შთამბეჭდავი პოსტერი, რომელზეც ზედმეტად გულახდილ კაბითა და სველი თმით პოზირებდა, ნამდვილ პროვოკაციად იქცა მაყურებლისთვის, რომელიც ერთიანად მიაწყდა კინოდარბაზებს, მით უფრო, რომ ფილმის ჩვენება რამდენიმე წლის მანძილზე იკრძალებოდა.
რომანტიზმის მიუხედავად, ფილმის საკვანძო ეპიზოდი მაინც საოცრად ნაღვლიანია, რადგან სილვია - ქალის სილამაზეს განასახიერებს, ბაროკოს ეპოქის შადრევანი კი - ხელოვნების სილამაზის სიმბოლოა, თუმცა მარჩელოსთვის ორივე ერთნაირად შორეული და მიუღწეველია, რის გამო უფრო მტკივნეულად განიცდის სასოწარკვეთას, საკუთარ უსუსურობას და განუხორციელებელ იმედებს.
* "რომაული არდადეგები" -
Stand up3:-"ტკბილი ცხოვრების" საერთაშორისო წარმატების მიუხედავად, პირველი ფილმი, რომელმაც კინემატოგრაფიული თვალსაზრისით აღმოაჩინა რომი მსოფლიოსთვის, უილიამ უაილერის "რომაული არდადეგები" გახდა. თუმცა, ფილმმა არა მხოლოდ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო ჰოლივუდის საზღვრების დატოვება და ევროპულ ქალაქში მოგზაურობა, არამედ ფენომენალური შედეგი აჩვენა, როცა კომედიის ჟანრისთვის წარმოუდგენელი, "ოსკარის" 10 ნომინაცია დაიმსახურა.
მართალია, "რომაული არდადეგების" პრემიერიდან 70 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ფილმმა დღემდე შეინარჩუნა პეწი და საოცარი მომხიბვლელობა, რაც ერთი მხრივ, ბრწყინვალე მსახიობების - გრეგორი პეკისა და ოდრი ჰეპბერნის, მეორე მხრივ კი, გულწრფელი რომანტიკული ისტორიის დამსახურებაა, რომელიც ავტორებმა ნამდვილი იტალიური ტემპერამენტით მოუთხრეს მაყურებელს, ბუნებრივი დეკორაციებისა და სამხრეთული ქალაქისთვის ჩვეული ატმოსფეროს შექმნით.
* * *
ახალგაზრდა პრინცესა ანას რომაული არდადეგები ფილმში საელჩოდან გაქცევით იწყება, სადაც მისი დელეგაცია დაბინავდა. მართალია, თავისი დიდებულებითა და მდიდრული ინტერიერით ცნობილი პალაცო ბარბერინი, რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა, თავის დროზე მართლაც ბარბერინების გვარის სასახლე იყო, მაგრამ დღეს იქ ხელოვნების უძველეს ნამუშევართა ეროვნული გალერეაა, რომლის ექსპონატები ხშირად მონაწილეობენ ისტორიულ ფილმებში შესაბამისი ანტურაჟის შესაქმნელად.
* * *
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაცია - Via Margutta 51-ია, სადაც გრეგორი პეკის პერსონაჟი - ჯო ბრედლი ქირაობდა ბინას უზარმაზარი ვერანდით. მართალია, ეზო მარგუტას ქუჩაზე დღესაც არსებობს, მაგრამ ადგილობრივებს ძალიან არ უყვართ, როცა ცნობისმოყვარე ტურისტები მათ ცხოვრებაში იჭრებიან და ღირსშესანიშნაობად ქცეულ ბინაში ცდილობენ შეღწევას. ამბობენ, თითქოს მსგავსი თვითნებობა ხშირად სერიოზული კონფლიქტით სრულდება, რის გამო პოლიციამ ჯარიმაც კი დააწესა ურჩი კინომოყვარულებისთვის, რომელთაც ამავე ქუჩაზე, 61 ნომერში მდებარე სახლის სტუმრობას ურჩევს, სადაც თავის დროზე ფედერიკო ფელინი და ჯულიეტა მაზინა ცხოვრობდნენ, დღეს კი, ლეგენდარული წყვილის მუზეუმია მოწყობილი.
* * *
რა თქმა უნდა, ტრევის შადრევნის შემდეგ სწორედ ესპანური კიბე ითვლება რომის მთავარ ღირსშესანიშნაობად, სადაც პრინცესა ანა სიამოვნებით მიირთმევდა ნაყინს, დადევნებული ჯო ბრედლი კი, ვითომ შემთხვევით გადაეყარა და ერთად გასეირნება შესთავაზა. მართალია, რომის სტუმრები სწორედ ესპანური კიბიდან იწყებენ ქალაქის გაცნობას, მით უფრო, რომ აქ იღებს სათავეს ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩა თავისი ბრენდული მაღაზიებით, მაგრამ "არაჩვეულებრივი არდადეგების" ფანები შოპინგით ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მათთვის ნამდვილი იტალიური ჯელატოს დაგემოვნება და კიბის მოაჯირზე ჰეპბერნის მსგავსად ფოტოსესიის მოწყობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ფეშენებელური მაღაზიების თვალიერება.
*"ამელი" (Amélie) -
Stand up4:-ჟან-პიერ ჟენეს "ამელი", რომელიც 2001 წელს იხილა მაყურებელმა, ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შემოსავლიანი ფილმია. მეტიც, რომანტიკულმა კომედიამ არა მხოლოდ კინემატოგრაფიის, არამედ ტურიზმის განვითარებაშიც უზარმაზარი წვლილი შეიტანა, რადგან დღემდე უამრავი კინომოყვარული სტუმრობს საფრანგეთის დედაქალაქს ფილმის ლოკაციების მონახულების სურვილით, მით უფრო, რომ ფილმმა პარიზის ყველა ცნობილი ღირსშესანიშნაობა გააერთიანა - მონმარტრით დაწყებული, ატმოსფერული კაფეთი "ორი წისქვილით" დასრულებული".
* * *
პატარა კაფემ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიხსნა და ათწლეულების მანძილზე უმასპინძლა ფრანგული ბომონდის წარმომადგენლებს - პოეტებს, მხატვრებსა და მსახიობებს, 2001 წელს ჟან-პიერ ჟენესა და მისი "ამელის" წყალობით შეიძინა მეორე სიცოცხლე. სწორედ მონმარტრის კაფეში მუშაობდა ამელი პულენი, მისი წითლად შეფერილი ინტერიერისა და ყავის სურნელის ფონზე ოცნებობდა და მოგზაურობდა წარმოსახვით სამყაროებში, რადგან ავთენტურობისა და საოცარი მყუდროების წყალობით, კაფეში უმნიშვნელო დეტალიც მისტიკურ ძალას იძენს, რეალობას ზღაპრად, ჩვეულებრივ კლიენტებს კი, უჩვეულო პერსონაჟებად აქციეს.
* * *
თუმცა, ჟანე არ შემოიფარგლა პატარა კაფეთი, "ორი წისქვილთან" ერთად პარიზის სხვა ღირსშესანიშნაობებიც გააცოცხლა ეკრანზე და ფილმი ერთგვარ გზამკვლევად აქცია "ამელის" თაყვანისმცემლებისთვის. მაგალითად, Studio 28, რომელსაც მთავარი გმირი ყოველ პარასკევს სტუმრობს საყვარელი ფილმების სანახავად, პარიზის უძველესი კინოთეატრია, რომელიც 1928 წელს გაიხსნა და სწორედ დაარსების წლის აღსანიშნად შეიძინა უჩვეულო სახელი, ლეგენდარული პროდუქტების მაღაზია Monsieur Collignon’s, რომელიც დღემდე საოცარ თვითმყოფადობას ინარჩუნებს, ამელის სახლთანაა ახლოს, ამიტომ არა მხოლოდ პროდუქტის შესაძენად, არამედ მეზობლებთან ურთიერთობისა და ჭორების მოსასმენადაც სტუმრობს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კი, პატარა ამელიმ დედასთან ერთად დაათვალიერა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და იმდენად დიდი აღმოჩნდა დანაკლისი, რომ ზრდასრულ ასაკშიც ვერ აინაზღაურა.
* "მატჩ-პოინტი" და "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" -
Stand up5:-მართალია, ვუდი ალენის საყვარელი ქალაქი ყოველთვის ნიუ-იორკი იყო, მაგრამ 2000-
იანი წლების დასაწყისში, რეჟისორმა მაინც უღალატა მსოფლიო მეგაპოლისს, ევროპის
ცოცხალ დეკორაციებში გადაინაცვლა და ჯერ ლონდონში, მერე ბარსელონაში შექმნა დაუვიწყარი ისტორიები.
* "მატჩ-პოინტი" -
დრამა ტრილერისა და დეტექტივის ელემენტებით, ვუდი ალენის ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული ფილმია, რომელსაც კრიტიკოსებმა დრაიზერის "ამერიკული ტრაგედიის"
და დოსტოევსკის "დანაშაულისა და სასჯელის" ალენისეული კინო-ინტერპრეტაცია
უწოდეს, რაც ფილმმაც დაამოწმა, რადგან დასაწყისში მთავარი პერსონაჟი კრის უილტონი, სწორედ დოსტოევსკის ბრწყინვალე რომანს კითხულობს.
"მატჩ-პოინტში" რეჟისორმა ჯენტლმენთა დახურული კლუბების და რესპექტაბელური
საზოგადოების ის არისტოკრატული ლონდონი წარუდგინა მაყურებელს, რომელსაც
რიგითი ობივატელი მხოლოდ ელიტარული ჟურნალებიდან იცნობს. დამოუკიდებელ
პერსონაჟად ქცეული ლონდონი თითქოს უბიძგებს პერსონაჟებს გაუაზრებელი
მოქმედებებისკენ და სწორედ მისი "მოკრძალებული ხიბლით" მონუსხული, მაღალ
საზოგადოებაში მოხვედრაზე მეოცნებე კრის უილტონიც მზადაა გადადგას
საბედისწერო ნაბიჯი - მოკლას საყვარელი ქალი, რომელიც ხელს უშლის სასურველი
მიზნის მიღწევაში.
დრამატიზმის მიუხედავად, "მატჩ-პოინტი" მაინც თავშესაქცევი მოგზაურობაა წვიმიან ლონდონსა და მის გარეუბნებში, რადგან მაყურებელს პერსონაჟებთან ერთად შეუძლია ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულება - ქოვენთ გარდენის სამეფო საოპერო თეატრის
სტუმრობა და თანამედროვე ხელოვნების გალერეაში Tate Modern-ში საინტერესო
ექსპონატების დათვალიერება, ლეგენდარულ კინოთეატრ Curzon-ში ფილმის ნახვა და
იტალიურ რესტორანში Locanda Locatelli-ს სადილობა, ბენქსის ქუჩის შედევრების
შეფასება და ბლექფრაიერსის ხიდზე გასეირნება.
რამდენიმე წლის შემდეგ ნისლიანი ლონდონიდან ალენმა მზიან ბარსელონაში
გადაინაცვლა, სადაც ახალი შედევრი "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" შექმნა.
* ვიკი, კრისტინა, ბარსელონა", 2008 -
მელოდრამა "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" პირველი ფილმია, როცა რეჟისორმა ქალაქის
სახელი ფილმის სათაურში გამოიტანა და თითქოს პერსონაჟების თანასწორად აქცია.
მართალია, ერთი შეხედვით ფილმი კატალონიის დედაქალაქით მოხიბლული ტურისტების
ისტორიას ჰგავს, თუმცა მთავარი პერსონაჟები - ახალგაზრდა ამერიკელი ქალბატონები
აბსოლუტურად არატურისტულ უსიამოვნებებში ეხვევიან, როცა თავშეკავებული,
საქმროზე შეყვარებული ვიკი და მისგან რადიკალურად განსხვავებული - თავქარიანი
და მეოცნებე კრისტინა არაორდინალურ მხატვარს ხუან ანტონიოს ეცნობიან და მის
მახეში ებმებიან, მოულოდნელად დაბრუნებულ მარია-ელენას - ხუან ანტონიოს
ზედმეტად ემოციურ მეუღლეს კი, უფრო მეტი დაბნეულობა შემოაქვს ისედაც
გაურკვეველ სასიყვარულო სამკუთხედში და ესპანეთში დასასვენებლად ჩასული
ამერიკელებიც გართობის ნაცვლად ნამდვილი სამხრეთული ვნებების მსხვერპლი
ხდებიან.
ანტონიო გაუდისა და მისი შედევრების სამშობლომ, მუზეუმებითა და
ტემპერამენტული მუსიკით ცნობილმა ბარსელონამ, რომელიც მაგიურად მოქმედებს
ფილმის პერსონაჟებზე, ეხმარება მათ საკუთარ თავში გარკვევასა და ახალი
შესაძლებლობების აღმოჩენაში, აღვიძებს გრძნობებს და ჩუქნის დაუვიწყარ მოგონებებს,
ალენზეც უზარმაზარი გავლენა მოახდინა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, სიამოვნებით
იცხოვრებდა ქალაქში, სადაც შემოქმედებითი ენერგია ყველგან და ყველაფერში
იგრძნობა.