საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ახლა უკვე მსოფლიო ბანკმაც გაზარდა. „იბიარდისა„ და აზიის განვითარების ბანკის შემდეგ, ეს უკვე მესამე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსთან დაკავაშირებით დადებით ეკონომიკურ ტენდენციას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7%-ით გაიზრდება, მაშინ როცა წინა პუბლიკაციით 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
რაც შეეხება მომდევნო წლებს, მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან, ხოლო 2027 წელს 5%-იან ზრდას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა 1.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ სომხეთის ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება.
ამასთანავე, მცირედით - 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკის ამ წლის პროგნოზი და 3.5%-ს მიაღწია.
აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ პირიქით, 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. მსოფლიო ბანკი ელის, რომ 2025 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.9%-ით გაიზრდება. რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს ის მხოლოდ 0.9%-ით გაიზრდება, რაც წინა კვლევასთან შედარებით 0.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.