დაგროვებითი პენსიის სახით 105 მლნ ლარზე მეტი უკვე გაიცა. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში მილიონ 676 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. საპენსიო ფონდის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 23 784-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაცემული თანხა კი 105 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდის ცნობით, ჯამურად, საპენსიო აქტივების ღირებულება 7.7 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამასთან, ფონდის შეფასებით, სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე იყო. პირველი ასეთი თვე იანვარი გახლდათ. როგორც ფონდში განმარტავენ, დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ.