4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 13 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 13 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2025-10-09 09:18:58+04:00

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 13 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა გამოაცხადეს. საგამოძიებო უწყება დაკავებულ პირებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღებასა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკირებაში სდებს ბრალს. პროცესებზე 4 დაკავებული პირის საქმეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავდა. ადვოკატებმა მოსამართლის საქმიდან აცილება მარიდაშვილის პილიტიკური წარსულის გამო მოითხოვეს, თუმცა ეს შუამდგომლობა თავად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომებზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებული პირების ნაწილმა. ისინი ყოველგვარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას უარყოფენ და საქმეში არ არსებულ მტკიცებულებებზე საუბრობენ. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო ბრალდებული პირების ბრალეულობის დამადასტურებელი ვერცერთი რეალური სამხილის წარმოდგენა. საქმეზე განსხვავებული პოზიცია აქვთ საქმის პროკურორებს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამბობენ რომ არაერთი ვიდეომასალით პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის ფაქტი უტყუარად დგინდება. სასამართლო სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ბრალდებულების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.