* ანტონიო ვივალდი და "წელიწადის დროები" -
იტალიელი კომპოზიტორი ანტონიო ვივალდი ბაროკოს ეპოქის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვისი სახელი პირველ რიგში, საოცარ მელოდიებთან ასოცირდება, რომელთაც თითქოს გააცოცხლეს ბუნება და მუსიკით გადმოსცეს მისი ხასიათი. მეტიც, ვივალდის ოთხნაწილიანმა სავიოლინო კონცერტმა, ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა „წელიწადის დროებმა“ ბრწყინვალედ ასახა თითოეული სეზონის ჟღერადობა და მისი განსხვავებული განწყობა.
* * *
ანტონიო ლუჩიო ვივალდი 1678 წლის 4 მარტს დაიბადა ვენეციაში. მუსიკა მცირეწლოვანმა ანტონიომ მამის - ჯოვანი ბატისტას წყალობით შეიყვარა, რომელიც მუსიკოსთა პროფესიული გაერთიანების Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ის დამაარსებელად ითვლებოდა. მანვე ასწავლა შვილს ვიოლინოზე დაკვრა, რადგან თვითონაც კომპოზიტორი იყო და ბრწყინვალედ უკრავდა ვიოლინოზე.
აღსანიშნავია, რომ ამავე გაერთიანებას ხელმძღვანელობდა სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო ჯოფანი ლეგრენზი, რომელმაც ადრეულ ასაკში უწინასწარმეტყველა ვივალდის დიდი მუსიკალური მომავალი. მართალია, თავად ანტონიოს სასულე ინსტრუმენტები უფრო ხიბლავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებმა, რაც პირველ რიგში სუნთქვის უკმარისობით გამოიხატა, არ მისცა მათი სრულფასოვნად დაუფლების საშუალება.
* * *
1693 წელს, მოზარდმა ვივალდიმ სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, 25 წლისა კი, მღვდლად იკურთხა და ჟღალი თმის წყალობით Prete Rosso-ს ანუ "წითელი მღვდლის" მეტსახელი შეიძინა. მართალია, ანტონიო ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებმა სადღესასწაულო ლიტურგიების ჩატარებაზე უარის თქმა და აქტიურ ღვთისმსახურებას ჩამოშორება აიძულა, თუმცა მღვდლის ხარისხი მაინც შეინარჩუნა.
1703 წელს ვივალდიმ Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში დაიწყო მუსიკის მასწავლებლად მუშაობა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ვენეციაში 4 ანალოგიური სკოლა-პანსიონი არსებობდა, რომელთა მთავარ მიზანს მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის ბავშვების აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ თავშესაფარში, რომელიც რესპუბლიკის ფონდებიდან ფინანსდებოდა, ბიჭები ვაჭრობის პრაქტიკულ გამოცდილებას იძენდნენ და 15 წლის ასაკში ტოვებდნენ სასწავლებელს, გოგონები კი, ხელსაქმესთან ერთად სიმღერას, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობდნენ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები კი, Ospedale della Pietà-ს გუნდსა და ორკესტრში ხვდებოდნენ.
გოგონათა ორკესტრი ვივალდისთვის ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიად იქცა,
სადაც აქტიურად ატარებდა ექსპერიმენტებს და სრულად ავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. მეტიც, სწორედ ვივალდის წყალობით მოიპოვა ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა პოპულარობა, რომლის რეპერტუარმა მეტწილად მის ნაწარმოებებს მოუყარა თავი. წარმატების მიუხედავად, კომპოზიტორს მუდმივი უთანხმოება ჰქონდა Ospedale della Pietà-ს ხელმძღვანელობასთან, რის გამო 1709 წელს მისი დატოვება მოუწია, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა და დაწინაურებასთან ერთად maestro di' concerti-ს წოდებაც მიიღო.
* * *
1705 წელს ვივალდის ნაწარმოებების პირველი ნაკრები Opus 1 გამოვიდა 12 სავიოლინო სონატით, ანალოგიური ნაკრები Opus 2 გამოიცა 4 წლის შემდეგაც, რომელმაც არა მხოლოდ პუბლიკის მოწონება დაიმსახურა, არამედ საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა კომპოზიტორს. მართალია, 1718 წელს ვივალდი აქტიურად ჩაება მოგზაურობაში და ევროპის მუსიკალური ქალაქები მოინახულა, მაგრამ პოზიცია და ანაზღაურება Ospedale della Pietà-ში მაინც შეინარჩუნა თვეში ორი სავალდებულო კონცერტის შექმნისა და გაკვეთილების ჩატარების სანაცვლოდ. სწორედ თავშესაფრის სახელფასო ფურცელი ადასტურებს, რომ 1723-1733 წლებში ვივალდიმ 140 კონცერტი შექმნა და შესაბამისი გასამრჯელოც მიიღო.
პირველი ოპერა "ოტონი ქალაქში" (Ottone in villa), რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ვივალდიმ 1713 წელს დაწერა. წარმატებით შთაგონებულმა კომპოზიტორმა მოგვიანებით კიდევ ერთი ოპერა "ვითომ შეშლილი ორლანდო" (Orlando finto pazzo) შექმნა. მართალია, წარმოდგენა Sant'Angel-ოს თეატრის სცენაზე დაიდგა, რომელსაც თავად კომპოზიტორი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ოპერამ ვერ შეძლო მაყურებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რამაც ვივალდის მისი რეპერტუარიდან მოხსნა აიძულა.
საერთო ჯამში ვივალდიმ 90 ოპერა, 517 კონცერტი და 100-ზე მეტი სონატა შექმნა სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის, თუმცა ყველაზე ცნობილ ნამუშევრად, რომელიც მის "სავიზიტო ბარათად" იქცა, მაინც "წელიწადის დროები" ითვლება.
* * *
დღემდე მეტად პოპულარული "წელიწადის დროები", რომელიც 1723 წელს შეიქმნა და ოთხი კონცერტი გააერთიანა ვიოლინოსა და ორკესტრისთვის, ერთგვარ ინოვაციად იქცა მუსიკის სამყაროში, რადგან კომპოზიტორმა ერთი მხრივ, ყველა სეზონს დამოუკიდებელი ნაწარმოები მიუძღვნა, მეორე მხრივ, მუსიკალური ბგერებით სცადა ბუნებრივი მოვლენების - ჭექა-ქუხილის და ქარიშხლის, ნაკადულის ჩხრიალის, სიცივის, სუსხის გადმოცემა და სეზონის შესაფერისი განწყობის შექმნა.
თანამედროვე მუსიკათმცოდნეები, ნამდვილ რევოლუციად აფასებენ ვივალდის აღმოჩენას, რომელმაც ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, კომპიუტერული და ტექნიკური საშუალებების გარეშე დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ისტორიების მოყოლა და განწყობის გადმოცემა მუსიკალური ბგერებითა და ინსტრუმენტების ბუნებრივი ჟღერადობითაც შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ „წელიწადის დროები“, რომელიც ბრწყინვალედ ქმნის ბაროკოს ეპოქის ატმოსფეროს და საოცარი დინამიურობით გამოირჩევა, რადგან სწრაფი ეპიზოდები ჰარმონიულად ერწყმის შედარებით დრამატულ ნაწილებს, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებულ კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზში სრულდება, არამედ ფილმებში, სარეკლამო რგოლებსა და თეატრალურ დადგმებშიც აქტიურად გამოიყენება.