* რობერტ რედფორდი და სანდენსის კინოფესტივალი -
რობერტ რედფორდმა, რომელიც სამართლიანად ითვლება ჰოლივუდის ლეგენდად, რადგან მსახიობობის, რეჟისორობისა და პროდიუსერების ჩათვლით, თითქმის ყველა სფეროში წარმატებით მოსინჯა შესაძლებლობები, არა მხოლოდ ეკრანზე შექმნა დაუვიწყარი სახეები, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკული კინოს განვითარებაში.
რედფორდს, რომელმაც ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, მაინც შეძლო თავმდაბლობისა და უშუალობის შენარჩუნება, ხშირად "ჰოლივუდის სინდისსაც" უწოდებენ, რადგან ბუნებით ლიდერი და მებრძოლი, ამავე დროს საოცრად მგრძნობიარე და ემპათიური, არასდროს გაურბოდა სოციალურ პასუხისმგებლობას, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების საჯაროდ განხილვას და კინოს საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენებას.
* * *
მართალია, ფერწერით გატაცებული რედფორდი ახალგაზრდობაში პრატის ცნობილ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ მოგვიანებით მაინც მსახიობის პროფესია აირჩია და დრამატული ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1959 წელს დაასრულა.
კარიერა მომავალმა ვარსკვლავმა ბროდვეის დადგმებსა და ტელესერიალებში მონაწილეობით დაიწყო, მხატვრულ კინოში კი, მხოლოდ 34 წლის ასაკში მიაღწია წარმატებას, როცა როი ჰილის ვესტერნში "ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი" შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა BAFTA-ს პრემიით. თუმცა, სანდენს კიდის როლით რედფორდმა არა მხოლოდ ფართო აუდიტორიას გააცნო თავი, არამედ სრულიად ახალი - ინტელექტუალური და თავშეკავებული, თუმცა ძლიერი და პრინციპული გმირის სახე შექმნა ჰოლივუდში.
1970–იან წლებში რედფორდმა არაერთი წარმატებული პერსონაჟი განასახიერა, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა "თაღლითობის" ("აფიორის") მთავარმა გმირმა ჯონი ჰუკერმა, ჯოზეფ ტერნერმა ფილმიდან "კონდორის სამი დღე" და ჟურნალისტმა ბობ ვუდვორდმა მოიპოვეს პოლიტიკური თრილერიდან "პრეზიდენტის მთელი ამალა".
მართალია, 2018 წელს გამოსული კრიმინალური დრამის "მოხუცი პისტოლეტით" შემდეგ რედფორდმა საჯაროდ განაცხადა, რომ კინოკარიერას ასრულებდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა ეპიზოდური როლით სუპერგმირულ ფილმში "შურისძიება: დასასრული".
* * *
1980 წელს რედფორდის სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით "ჩვეულებრივი ადამიანები", რომელიც იმავე წელს დაჯილდოვდა "ოსკარის" პრემიით საუკეთესო რეჟისურისთვის. დრამამ ოჯახურ ტრაგედიაზე, ემოციურ დაპირისპირებაზე მოუთხრო მაყურებელს და ბრწყინვალე მსახიობთან ერთად, ნიჭიერი რეჟისორის სახელიც დაუმკვიდრა რედფორდს, რომელიც ერთ-ერთი გახდა იმ ექვს რეჟისორს შორის, ვინც კინოაკადემიის პრემია სადებიუტო ნამუშევრისთვის მიიღო.
პოპულარობა მოიპოვეს მისმა სხვა რეჟისორულმა ნამუშევრებმაც, მათ შორის დრამებმა "იქ, სადაც მდინარე მიედინება", "ტელევიქტორინამ" და "ცხენების შემლოცველმა". ბოლო ფილმი "ბინძური თამაშები" რედფორდმა 2012 წელს დადგა და მთავარი როლიც თავად შეასრულა.
რედფორდის კარიერა მრავალგზის აღინიშნა პრესტიჟული პრემიებით: 2002 წელს ამერიკული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა სპეციალური "ოსკარით", 2019 წელს საფრანგეთის კინოაკადემიის ჯილდო, საპატიო "სეზარი" მიიღო, 2016 წელს კი, ბარაკ ობამამ გადასცა თავისუფლების მედალი.
* * *
მეტად წარმატებული კინოკარიერის პარალელურად, რედფორდი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკოლოგიური პრობლემების და აქტუალური სოციალური საკითხების განხილვაში, მხარს უჭერდა განახლებადი ენერგიის განვითარებას, თუმცა ღიად აპროტესტებდა "კინსთოუნის" ნავთობსადენის ქსელის მშენებლობას კანადასა და შეერთებულ შტატებში.
* სანდენსის კინოფესტივალი -
1981 წელს მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად რედფორდმა დამოუკიდებელი კინოს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია Sundance Institute დაარსა, რასაც მოგვიანებით კინოფორუმის Sundance Film Festival-ის შექმნაც მოჰყვა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა ახალგაზრდა და ექსპერიმენტული კინომწარმოებლებისთვის.
სადებიუტო წელს სანდენსის კინოფესტივალმა 10 ახალბედა რეჟისორს უმასპინძლა, რომელთაც წამყვან სცენარისტებთან და რეჟისორებთან შეხვედრის და მათთან ერთად ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობის - სცენარის დაწერის, ფილმის გადაღების და გადაღებული მასალის დამონტაჟების საშუალება მიეცათ.
1984 წელს ინსტიტუტის საქმიანობა გაფართოვდა და ჯერ თეატრალური ხელოვნების განვითარების პროგრამები, მოგვიანებით კი, კონცერტები და ინტერაქტიული გამოფენები გააერთიანა. დღეს ინსტიტუტი არა მხოლოდ შემოქმედებით და პრაქტიკულ სემინარებს ატარებს, არამედ ფინანსურ დახმარებასაც უწევს დამოუკიდებელ კინომწარმოებლებს, რომელთა ნამუშევრებს სწორედ სანდენსის კინოფესტივალზე წარადგენს.
ფესტივალი, რომელმაც 1985 წელს შეიძინა საერთაშორისო სტატუსი, ერთგვარი კინობაზარია, სადაც სადისტრიბუციო კომპანიები მსოფლიოს კინოთეატრებში დემონსტრირებისთვის იძენენ ფილმებს. მართალია, ფესტივალი დაარსების დღიდან იანვრის თვეში იმართებოდა იუტას შტატში, ქალაქ პარკ-სითიში, მაგრამ 2027 წლიდან კოლორადოს შტატში გეგმავს გადაბარგებას, რისი მიზეზი პირველ რიგში სოციალურ-პოლიტიკური შეზღუდვები აღმოჩნდა. "იუტას შტატი ყოველთვის ზედმეტი კონსერვატორულობით ხასიათდებოდა და მტრულად იყო განწყობილი ინკლუზიურობის მიმართ. მეტიც, რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონის თანახმად, იუტაში არა მხოლოდ LGBT-საზოგადოების დროშის გამოფენა აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ ტრანსგენდერებსაც შეეზღუდათ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობის უფლება მათი გენდერული იდენტობის მიხედვით. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ გვაიძულა ადგილის შეცვლა და ფესტივალის კოლორადოში გადატანა", - აღნიშნა სანდენსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშელ გოლდბერგმა.
* სანდენსის კინოფესტივალის ყველაზე ცნობილი ფილმები -
45-წლიანი ისტორიის მანძილზე ფესტივალმა უამრავ ფილმსა და ავტორს უმასპინძლა. მეტიც, დებიუტანტ რეჟისორებთან ერთად, კინოფორუმში ისეთმა ცნობილმა ოსტატებმაც მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც მარტინ სკორსეზე, ფრენსის ფორდ კოპოლა და ვუდი ალენი, პოლ მაკგიგანი, ნილ ბერგერი და პატრიკ სტეტნერი არიან.
სანდენსის კინოფესტივალზე შედგა დევიდ ბოუის შვილის დუნკან ჯონსის სადებიუტო ფილმის "მთვარის" ჩვენება და მიშელ გონდრის რომანტიკული კინოფანტაზიის "ძილის ხელოვნება" პრემიერა გაელ ბერნალის და შარლოტა გენსბურის მონაწილეობით.
* "ძილის ხელოვნება" (La science des rêves) -
მიშელ გონდრის „ძილის ხელოვნება“, რომელიც სიზმრის და რეალობის ვიზუალური შერწყმის მეტად საინტერესო მცდელობას წარმოადგენს, ფსიქოლოგიური სიღრმით, ვიზუალური გამომსახველობითა და ექსპერიმენტული ფორმებით ხასიათდება. მართალია, გონდრი მანამდეც ხშირად მუშაობდა მსგავს ნარატიულ სტრუქტურაზე, მაგრამ წინამორბედებისგან განსხვავებით „ძილის ხელოვნებამ“ ერთი მხრივ, ავტობიოგრაფიული, მეორე მხრივ სპონტანური და პოეტური ფორმა შეიძინა.
ფილმის მთავარი გმირი - ახალგაზრდა სტეფანია, რომელსაც ზედმეტად ბავშვური წარმოსახვა აქვს და ძალიან უჭირს ზღვარის გავლება სიზმარსა და რეალობას შორის. პარიზში დაბრუნებული სტეფანი მეზობელ გოგონას - სტეფანიას ეცნობა, ვისთანაც სწრაფად აბამს ემოციური კავშირს, თუმცა თავად ურთიერთობა არასდროს იღებს მკაფიო ფორმას, რის გამო მაყურებელი დიდხანს ვერ ხვდება - რეალურია ურთიერთობა თუ მხოლოდ სტეფანის ზმანება და წარმოსახვა.
* * *
აღსანიშნავია, რომ სიზმარი გონდრისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური თავშესაფარი,
ფსიქიკური თვითრეგულაციის მექანიზმია, რომელიც ზედმეტად მგრძნობიარე სტეფანს რეალობისგან გაქცევასა და საკუთარ წარმოსახვაში დამალვის საშუალებას აძლევს. საინტერესოა, სტეფანისა და სტეფანიას ურთიერთობაც, რომელიც არასდროს აღწევს კლასიკურ კულმინაციას და მუდმივად მერყეობს ემოციურ სიახლოვესა და გაუცხოებას შორის, რაც ფილმს მეტ რეალიზმსა და დამაჯერებლობას სძენს, რადგან ადამიანები ხშირად ვერც რეალურ ცხოვრებასა და ურთიერთობაში ახერხებენ ემოციების დაბალანსებას.
ორიგინალურ მეტაფორად იქცა ქაღალდის დეკორაციებით, მინიმალისტური ეფექტებითა და ანალოგური ვიზუალით გაფორმებული ეპიზოდები, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავარი გმირი არა რეალობაში, არამედ წარმოსახვით, საკუთარი ხელით აწყობილ სამყაროში ცხოვრობს. ქაოტურად მოძრავმა კამერამ მის შინაგან ქაოსს გაუსვა ხაზი, მკაფიო მონტაჟის არ არსებობამ კი, საბოლოოდ წაშალა ზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის, ისე როგორც ადამიანის ცნობიერია მუდმივ ზღვარზე ძილსა და სიფხიზლეში.
* * *
მართალია, „ძილის ხელოვნება“, რომელიც გონდრის ყველაზე პირადული და სარისკო ნამუშევარია, ფრანგული საავტორო კინოს გავლენით, პირველ რიგში ჟან-ლუკ გოდარის ექსპერიმენტებისა და ლუი ბუნუელის სიურრეალისტური ელემენტების გავლენით შეიქმნა, რამაც ფილმს კლასიკური ევროპული კინოს იერი შესძინა, მით უფრო, რომ მეტწილად სწორედ ევროპული კინო ხასიათდება სიუჟეტური ბუნდოვანებითა და გამომსახველობითი ორიგინალურობით, მაგრამ გონდრის ნამუშევარი მაინც უნივერსალური ფილმია, რადგან სიმბოლოებისა და ქარაგმების ფონზე განიხილავს გლობალურ და მეტად აქტუალურ - ემოციური გაუცხოებისა და პიროვნული თვითიზოლაციის თემებს.
* "მთვარე“ (Moon, 2009) -
ბრიტანელი რეჟისორის დუნკან ჯონსის სადებიუტო ფილმი - სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში დადგმული "მთვარე", რომელიც მოკრძალებული ბიუჯეტითა და მსახიობთა შეზღუდული შემადგენლობით შეიქმნა, თავმდაბალი, თუმცა საოცრად "ჭკვიანი", ინტელექტუალური ფილმია, რადგან ვიზუალური მინიმალიზმის მიუხედავად სიღრმისეულად განიხილავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც იდენტობის კრიზისი, ტექნოლოგიური ეგზისტენციალიზმი და კორპორატიული პასუხისმგებლობაა.
* * *
ფილმის მოქმედება მომავალის სამყაროში, მთვარეზე მოთავსებულ ენერგეტიკული ბაზაზე ვითარდება, სადაც ფილმის მთავარი გმირი - ასტრონავტი სემ ბელი მუშაობს. მართალია, ასტრონავტის ერთადერთი კომპანიონი ბაზის მართვის ხელოვნური ინტელექტი - რობოტი "გერტია" (კევინ სპეისის გახმოვანებით), მაგრამ ავარიისა და საკუთარი კლონის აღმოჩენის შემდეგ ბელს არა მხოლოდ საკუთარი თავის შენარჩუნება უწევს, არამედ თვითდამკვიდრების ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაც წინაშეც დგება.
ფილმს ლაიტმოტივად გასდევს მთავარი შეკითხვა - რა განსაზღვრავს პიროვნების უნიკალურობას, რადგან ნებისმიერი ადამიანი ერთხელ მაინც განიცდის თვითრწმენის კრიზისს, როცა საკუთარ თავში არა ინდივიდს, არამედ ბრბოს, მასის ნაწილს ხედავს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ამგვარი სიმბოლიზმი პირდაპირ ეხმიანება 21-ე საუკუნეში მეტად პოპულარულ ფილოსოფიურ დისკუსს - თითქოს პიროვნების იდენტობას არა მისი პიროვნული თვისებები, არამედ მეხსიერება და შეგრძნებითი გამოცდილება განსაზღვრავს.
* * *
"ჯონსმა მაქსიმუმის გადაღება შეძლო მინიმუმით, რადგან ფილმში მეტწილად მოდელირებული დეკორაციები და მაკეტებია გამოყენებული, კადრები კი, მოკლე და სიმეტრიულია. კონტრასტული განათებით მან მეტი ემოციურობა შესძინა გამომსახველობას, სტატიკური კამერის გამოყენებით კი, მთავარი პერსონაჟის ტყვეობას გაუსვა ხაზი, რომელიც დროში, სივრცესა და საკუთარ თავშია გამომწყვდეული", - სწორედ ასე აღწერა დებიუტანტი ჯონსის ნამუშევარი თავად რედფორდმა.
მართალია, ჯონსმა ვერ დააღწია თავი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის კლასიკას და სტენლი კუბრიკის "2001: კოსმოსური ოდისეიდან" იზოლაციის, ხელოვნური ინტელექტისა და მექანიკური რუტინის თემა ისესხა, ანდრეი ტარკოვსკის "სოლარისის" მსგავსად კი, იდენტობის, მეხსიერებისა და თვითშემეცნების პრობლემები განიხილა, მაგრამ წინამორბედებისგან განსხვავებით, მან მხოლოდ ერთ პერსონაჟზე გააკეთა აქცენტი და მის შინაგან ფსიქოლოგიურ კოლაფსზე გაამახვილა ყურადღება.