ბოსა ნოვა - 1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკალური სამყარო ორმაგმა რევოლუციამ "შეაჯანჯღარა", რადგან ჯერ როკ-ენ-როლმა "დაიქუხა", მერე შედარებით მოკრძალებულმა ბოსა ნოვამ განაცხადა საკუთარი არსებობის შესახებ კომპოზიციით The Girl from Ipanema, რომელმაც ხმაურიანი როკისგან განსხვავებით, ჩურჩულით მოუთხრო მელომანებს საკუთარი ისტორია და  მთელი 15 კვირით შეინარჩუნა ლიდერობა მსოფლიო ჩარტებში - Palitra News

ბოსა ნოვა - 1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკალური სამყარო ორმაგმა რევოლუციამ "შეაჯანჯღარა", რადგან ჯერ როკ-ენ-როლმა "დაიქუხა", მერე შედარებით მოკრძალებულმა ბოსა ნოვამ განაცხადა საკუთარი არსებობის შესახებ კომპოზიციით The Girl from Ipanema, რომელმაც ხმაურიანი როკისგან განსხვავებით, ჩურჩულით მოუთხრო მელომანებს საკუთარი ისტორია და  მთელი 15 კვირით შეინარჩუნა ლიდერობა მსოფლიო ჩარტებში

2025-09-25 11:12:35+04:00

* ბოსა ნოვა - 1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკალური სამყარო ორმაგმა რევოლუციამ "შეაჯანჯღარა", რადგან ჯერ როკ-ენ-როლმა "დაიქუხა", მერე შედარებით მოკრძალებულმა ბოსა ნოვამ განაცხადა საკუთარი არსებობის შესახებ კომპოზიციით The Girl from Ipanema, რომელმაც ხმაურიანი როკისგან განსხვავებით, ჩურჩულით მოუთხრო მელომანებს საკუთარი ისტორია და მთელი 15 კვირით შეინარჩუნა ლიდერობა მსოფლიო ჩარტებში.

* * *

ახალი მუსიკალური სტილი, რომელიც პორტუგალიურად "ახალ რითმს" ან "ახალ გზას" ნიშნავს და პირველ რიგში, ლირიული ჟღერადობით ხასიათდება, 1950-იან წლების რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანისა და იპანემის სანაპირო რაიონებში შეიქმნა ბრაზილიელი მუსიკოსების ჟოაო ჟილბერტოს, ანტონიო კარლოს ჟობიმის წყალობით და ტრადიციული ენერგიული სამბის ერთგვარ ალტერნატივად იქცა.

ბოსა ნოვამ, რომელიც არა უბრალოდ მუსიკალური მიმდინარეობა, არამედ ცხოვრების სტილი და მოდერნისტული ბრაზილიის სიმბოლო გახდა, 1959 წელს ფილმით "შავი ორფეოსი" გადალახა ქვეყნის საზღვრები, რასაც 1962 წელს ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში გამართული კონცერტი, 2 წლის შემდეგ კი, კომპოზიცია The Girl from Ipanema და საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.

* * *

აღსანიშნავია, რომ ბოსა ნოვა, რომელმაც აფრიკული მოტივები, სამბას და ჯაზის ელემენტები გააერთიანა, ბრაზილიისთვის მეტად რთულ პერიოდში - მწვავე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების, მემარცხენე და მემარჯვენე ძალების დაპირისპირების, ხელისუფალთა მუდმივი მონაცვლეობის და სწრაფი ურბანიზაციის ფონზე დაიბადა. ამავე პერიოდს დაემთხვა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია პროვინციიდან მსხვილ ქალაქებში და დედაქალაქის რიო-დე-ჟანეიროდან ბრაზილიაში გადატანა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტის ჟუსელინო კუბიჩეკის უტოპიური პოლიტიკაც დაემატა, რომელმაც ეკონომიკის სწრაფი განვითარება და "50-წლიანი გეგმის 5 წელიწადში" შესრულება სცადა, თუმცა მისმა მონდომებამ მხოლოდ სოციალური უთანასწორობა გააღრმავა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი მსხვილი ქალაქების გარეუბნებში აღმოჩნდა.

მართალია, თავიდან ბოსა ნოვა, რიო-დე-ჟანეიროს ელიტური საზოგადოების საკუთრებად ითვლებოდა, რომელიც კოპაკაბანისა და იპანემას მდიდრულ რაიონებში ლაღად ცხოვრებას და დროსტარებას იყო ჩვეული, მაგრამ 1964 წლის სამხედრო გადატრიალებისა და 20-წლიანი დიქტატურის პირობებში, მუსიკალურმა მიმდინარეობამ ახალი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა.

* * *

ტოტალური კონტროლის ფონზე, როცა ცენზურა არა მხოლოდ მედიასა და ხელოვნებაზე, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც გავრცელდა, ბოსა ნოვა ერთგვარ სოციალურ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, თუმცა პროტესტი არა ყვირილით და ხმაურიანი მოწოდებებით, არამედ მელანქოლიური ვოკალითა და კლასიკური გიტარის რბილი აკორდებით გამოთქვა, მით უფრო, რომ ლირიკა, რომელიც თავიდან მეტწილად რომანტიკულ ისტორიებს მოუთხრობდა მსმენელს, მოგვიანებით სიმბოლოებითა და ალეგორიებით შეიცვალა და ჩუმად, ერთგვარი შეფარვით გააკრიტიკა არსებული რეჟიმი.

"თუ მუსიკა ბგერების პოეზიაა, მაშინ ბოსა ნოვა სამყაროს ყველაზე მშვიდი, თუმცა ყველაზე მძლავრი პროტესტია, რადგან ის არც ყვირის, არც ჩხუბობს, პირიქით, ჩუმად ღიღინებს და თითქოს ჩურჩულით აცხადებს დაუმორჩილებლობას", - აღნიშნა ამერიკელმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა ჯონ მორისონმა 1970-იანი წლების დასაწყისში, როცა პირველად მოისმინა ჩიკო ბუარკეს სიმღერა Apesar de Você.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია, რომელიც შეფარვით, პოლიტიკური ქვეტექსტით აკრიტიკებდა დიქტატურას, სწრაფად იქცა ბრაზილიელების მანიფესტად და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, თუმცა არ დაიხია უკან არც ცენზურამ, რომელმაც არა უბრალოდ აკრძალა კომპოზიცია, არამედ სოლიდური ჯარიმაც დააწესა მისი საჯაროდ შესრულებისთვის.

* * *

სხვათა შორის, სწორედ ჩიკო ბუარკე მეგობრებთან - კეიტანო ველოსუსთან და ჟილბერტო ჟილისთან ერთად ითვლება ახალი მუსიკალური ჟანრის - ტროპიკალიას ფუძემდებელად, რომელიც მართალია, ბოსა ნოვას გავლენით შეიქმნა, მაგრამ მისგან განსხვავებით, ბევრად ხმამაღლა, თამამად აჟღერდა და მალე მასშტაბურ კულტურულ მოძრაობად იქცა.

რიტმულმა და ენერგიულმა ტროპიკალიამ, რომელმაც ბოსა ნოვას, სამბას, როკის, ავანგარდისა და აფრიკული ფოლკლორის მოტივების გაერთიანებით ასახა რთული და წინააღმდეგობრივი ბრაზილიური იდენტობა, სერიოზულად შეაჯანჯღარა კონსერვატორული საზოგადოება, რადგან სწორედ მუსიკა აქციეს ახალგაზრდებმა ამბოხის ხმად და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად.

* * *

1968 წელს ახალგაზრდა მუსიკოსების კოლექტიური ალბომი Tropicália: ou Panis et Circencis გამოვიდა, რომელმაც ერთდროულად ჰეროიკული და ირონიული, პატრიოტული და ლირიული კომპოზიციები გააერთიანა რეჟიმის სისასტიკის, სოციალური უთანასწორობისა და მრავალფეროვანი ბრაზილიური კულტურის განადგურების მცდელობის გაპროტესტებით.

ალბომის მნიშვნელოვან ნამუშევრებად იქცა ველოსუს Alegria, Alegria, რომელმაც კონფორმიზმისთვის გააკრიტიკა საზოგადოება და ჟილის Domingo no Parque, რომელმაც დიდი ქალაქის ჯურღმულების ფონზე ასახა ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობა.

1968 წელს ველუსუ და ჟილი რამდენიმე თვით დააპატიმრეს, მერე კი, ქვეყნის დატოვება აიძულეს, მაგრამ ტროპიკალიამ მაინც შეძლო აქტუალურობის შენარჩუნება. მეტიც, მოძრაობა იმდენად გაფართოვდა, რომ ჯერ ლიტერატურაში, მერე კინოსა და თეატრში განვითარდა, მუსიკოსების ახალმა თაობამ კი, სიმბოლოებით, ალეგორიებით გაამდიდრა მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება და საკუთარი წვლილი შეიტანა თვითმყოფადი ბრაზილიური მუსიკის განვითარებაში.