* დუგლასების დინასტია -
2018 წლის ნოემბერის თვეში ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაიკლ დუგლასის ვარსკვლავი გაიხსნა. ღირსშესანიშნავი მოვლენა 74 წლის მსახიობმა ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან, 25 წლით უმცროს კეტრინ ზეტა-ჯონსთან, შვილთან - კამერონთან და მამასთან, ჰოლივუდის ლეგენდასთან კირკ დუგლასთან ერთად აღნიშნა, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა 103 წლის ასაკში.
აღიარება ორგზის "ოსკაროსანმა" მაიკლ დუგლასმა ტრილერის "ძირითადი ინსტინქტისა" და სერიალის "სან-ფრანცისკოს ქუჩების წყალობით" მოიპოვა, კინოაკადემიის პრემია კი, ოლივერ სტოუნის დრამაში "უოლ-სთრითში" შესრულებული მთავარი როლისა და მილოშ ფორმანის ფსიქოლოგიური დრამის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" პროდიუსერებისთვის დაიმსახურა.
* * *
მაიკლ დუგლასი 1944 წლის 25 სექტემბერს დაიბადა ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუ-ბრანსუკში, 1960-იანი წლების ამერიკული კინოს მთავარი კერპის კირკ დუგლასისა და მსახიობის დაიანა დილის ოჯახში. მართალია, დილი, რომლის ფილმოგრაფიამ 60-მდე ნამუშევარი გააერთიანა, 1950-იან წლებში მხატვრულ კინოში მოპოვებული პოპულარობა მოგვიანებით ტელესერიალებით განამტკიცა, მაგრამ სახელოვანი შვილისა და მეუღლის - ცნობილი გლადიატორის ფონზე დაიჩრდილა, მით უფრო, რომ დუგლასების დინასტიის ფუძემდებელი არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობი, არამედ საოცარი ქველმოქმედი და ნიჭიერი ლიტერატორი აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე ათეული რომანი და მემუარები შესთავაზა მკითხველს.
* * *
კირკ დუგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ამსტერდამში. მართალია, მსახიობმა დუგლასის გვარით მოიპოვა აღიარება, მაგრამ დაბადებისას ისერ დანილოვიჩის სახელი მიიღო, რადგან მისი მშობლები რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებული ებრაელები იყვნენ. სხვათა შორის, დუგლასი - შოტლანდიელ დიდგვაროვანთა გვარია, რომელთაც ასწლეულების მანძილზე შეინარჩუნეს გავლენა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში, თუმცა მსახიობების დინასტიასთან არასდროს ჰქონდათ ნათესაური კავშირი.
სხვა ემიგრანტების მსგავსად დანილოვიჩებსაც ძალიან გაუჭირდათ ამერიკაში დაფუძნება, ამიტომ მოზარდ ისერს, რომელიც მეოთხე და ერთადერთი ბიჭი იყო მრავალშვილიან ოჯახში, ადრეული ასაკიდან მოუწია მუშაობა. მომავალი ვარსკვლავი ჯერ გაზეთებს დაატარებდა, მერე ავტოსადგომზე მუშაობდა, ნიუ-იორკში გამგზავრებისა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩაბარების შემდეგ კი, მიმტანად დაიწყო მუშაობა რესტორანში, რათა თავად გადაეხადა სწავლის საფასური.
სამსახიობო კარიერა დუგლასმა 1944 წელს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო ბროდვეიზე, მერე კი, ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკის ფონზე, როცა ადამიანები განსხვავებული აზრისთვის იდევნებოდნენ, ებრაული წარმომავლობის რუს ემიგრანტს ძალიან გაუჭირდა ჰოლივუდში დამკვიდრება. ნამდვილი წარმატება დუგლასმა მხოლოდ 1950-იან წლების ბოლოს მოიპოვა, როცა "მაგარი ბიჭების", პოლიციელებისა და კოვბოების განსახიერებით იქცა ჰოლივუდის წამყვან მსახიობად.
საინტერესო როლები შეასრულა მსახიობმა ბილი უაილდერის ნუარში "ტუზი სახელოში", როცა უპრინციპო ჟურნალისტი განასახიერა და უილიამ უაილერის "დეტექტიურ ისტორიაში", რომელშიც პირიქით, დადებითი პერსონაჟის - კანონმორჩილი, პოლიციელის როლი შეასრულა. ვინსენტ მინელის ფილმით "ბოროტები და ლამაზები" დუგლასმა "ოსკარის" ნომინაცია დაიმსახურა, ბიოგრაფიულმა დრამამ "სიცოცხლის წყურვილმა" კი, რომელშიც გარეგნული მსგავსების წყალობით განასახიერა ვინსენტ ვან გოგი, "ოქროს გლობუსი" მოუტანა.
* * *
1957 წელს დუგლასმა სამხედრო დრამაში "დიდების ბილიკებში" შესრულა მთავარი როლი, თუმცა მსახიობისთვის, რომელმაც ჯარისკაცების დამცველი, სამართლიანი პოლკოვნიკი განასახიერა, არა იმდენად როლი აღმოჩნდა საინტერესო, რამდენადაც ფილმის რეჟისორთან სტენლი კუბრიკთან ნაცნობობა, ვისთან თანამშრომლობა პეპლუმით "სპარტაკით" გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ გლადიატორების მძიმე ბედზე შექმნილი ისტორიული დრამა, რომლის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, 1960-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად იქცა. ფილმის გადაღება მთელი ორი წელი გაგრძელდა და საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან პროდიუსერებს იმ ტექნიკური პრობლემების გადაჭრა მოუხდათ, რისი გამოცდილება მანამდე არ ჰქონდათ.
მართალია, კუბრიკისა და დუგლასის ნამუშევარმა კრიტიკოსების გულგრილი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მაყურებელმა დიდად მოიწონა ისტორიული დრამა, რაც 30-მილიონიანმა შემოსავალმაც დაადასტურა. პუბლიკის შეფასება გაიზიარა ამერიკულმა კინოაკადემიამაც, რომელმაც ოთხი "ოსკარით" აღნიშნა ფილმი, რომელიც ბევრად წარმატებული ნამუშევრების მიუხედავად, დუგლასის "სავიზიტო ბარათად" იქცა.
* * *
მამის გზა გააგრძელა მაიკლ დუგლასმაც. მართალია, 1951 წელს მშობლების განქორწინების შემდეგ მაიკლი ძმასთან ერთად დედასთან იზრდებოდა და ნაკლებად ურთიერთობდა მამასთან, მაგრამ ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე.
სხვათა შორის, კინემატოგრაფია აქცია საკუთარ პროფესიად მისმა უმცროსმა ძმამაც, თუმცა ჯოელმა პროდიუსერობა არჩია და მეტად წარმატებულ პროექტებზე იმუშავა 1970-1980-იან წლებში. კინოინდუსტრიაში გადაწყვიტეს საქმიანობის გაგრძელება კირკ დუგლასის უმცროსმა შვილებმაც - პიტერმა და ერიკმა მეორე ქორწინებიდან, თუმცა აღიარება მხოლოდ მაიკლმა მოიპოვა.