* ლა სკალას საოპერო თეატრი -
"ცნობილ ღირსშესანიშნაობათა შორის, რომლებიც მრავლად მინახავს, საუკეთესო ლა სკალას თეატრია, რადგან მხოლოდ იქ შეიძლება ნამდვილი მუსიკის მოსმენა და უდიდესი სიამოვნების მიღება", - ჯერ კიდევ 1816 წელს აღნიშნა ფრანგმა მწერალმა, ლა სკალას დიდებულებით აღფრთოვანებულმა სტენდალმა, რომელიც სწორედ მილანის საოპერო თეატრს მიიჩნევდა მსოფლიოს კულტურის ცენტრად.
* * *
პირველი საოპერო თეატრი მილანში მე-16 საუკუნის ბოლოს გაიხსნა კათედრალურ ტაძართან ახლოს, ჰერცოგის რეზიდენციაში. მართალია, თეატრმა, რომელმაც ესპანეთის მონარქის, ფილიპე მესამის მომავალი მეუღლის პატივსაცემად შეიძინა "მარგარიტას სალონის" სახელი, იტალიელთა მთავარ კულტურულ ცენტრად იქცა, მაგრამ უძლიერესმა ხანძარმა "სალონი" სრულად გაანადგურა.
1717 წელს ძველის ნაცვლად ახალი - დიდი საჰერცოგო თეატრი აშენდა მდიდრული დარბაზითა და ხუთიარუსიანი ლოჟით, უნიკალური სანათებით და უზარმაზარი სარკეებით, გიგანტური კოლონებით, სკულპტურებით და მოვერცხლილ-მოოქროვილი ორნამენტით ჭერსა და კედლებზე, თუმცა, თეატრი, სადაც მოცარტის სამი მილანური ოპერის პრემიერა შედგა, მორიგმა ხანძარმა იმსხვერპლა, ზარალი კი, იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რესტავრაციის ნაცვლად ახალი შენობის აშენება გადაწყდა.
ახალი თეატრისთვის, რომლის მშენებლობა 1976 წელს დაიწყო და თითქმის 2 წელი გაგრძელდა, ლოკაციაც ახალი შეირჩა ჰერცოგის სასახლის მოშორებით, მე-14 საუკუნის გოთიკური ეკლესიის Chiesa di Santa Maria alla Scala-ს ადგილას. უძველესი ეკლესიისგან მომავალმა თეატრმა "ლა სკალას" სახელი მიიღო მემკვიდრეობით, რაც იტალიურად "კიბეს" ნიშნავს.
სხვათა შორის, თეატრისთვის საძირკველის გათხრისას მშენებლებმა უზარმაზარ მარმარილოს ფილას მიაგნეს პილადის - ძველრომაული მიმის გამოსახულებით, რაც ქალაქის მესვეურებმა კეთილ ნიშნად მიიჩნიეს, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწორად შეარჩიეს ადგილი მშენებლობისთვის.
* * *
თეატრის შენობა მთავარი სამეფო არქიტექტორის ჯუზეპე პიერმარინის პროექტით აშენდა, ვისთვისაც ლა სკალა ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ ნამუშევრად იქცა. კლასიციზმის სტილში აგებული შენობა, რომლის დარბაზს ლომბარდიის სხვა თეატრების მსგავსად ნალის ფორმა ჰქონდა, არა მხოლოდ იდეალური აკუსტიკით, არამედ უნიკალური ინტერიერითაც გამოირჩეოდა. მეტიც, ბოჰემური ბროლის ჭაღი, რომელიც შუშის სასახლეს ჰგავდა და 400 ნათურით ნათდებოდა, მე-18 საუკუნის ბოლოს დიზაინის ნამდვილ შედევრად იქცა. სამწუხაროდ, დღეს ლა სკალას დარბაზს პირვანდელი ჭაღის მხოლოდ ასლი ამშვენებს, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომისა და ქალაქის ინტენსიური დაბომბვის დროს დაზიანებული ორიგინალის აღდგენა.
თეატრის მესვეურები მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის სეზონზე ახერხებენ ჭაღის გაწმენდას, რადგან გიგანტური სანათის მოწესრიგება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მისი სავარძლების სიმაღლემდე ეტაპობრივი დაშვება 18 საათი, 400 ნათურის სათითაოდ შემოწმება, გამოცვლა და გაწმენდა კი, მთელი თვე გრძელდება. ამბობენ, თითქოს მასიურობის მიუხედავად, ცნობილ ტენორს, ჯუზეპე ვერდის ფავორიტს ფრანჩესკო ტამანიოს იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ მისი სიმღერის დროს რამდენიმეტონიანი ჭაღიც კი ზანზარებდა.
სხვათა შორის, ლა სკალა პირველი საზოგადოებრივი დაწესებულებაა ევროპაში, რომელიც ელექტროენერგიით მომარაგდა. პირველად თეატრი 1883 წლის 25 დეკემბერს განათდა ამილკარე პონკიელის ოპერის "ჯოკონდას" პრემიერის აღსანიშნად, როცა თეატრში ერთდროულად 2450 ნათურა აინთო.
მანამდე დარბაზი მხოლოდ სანთლებით ნათდებოდა, ამიტომ ის, ვისაც პარტერში ჰქონდა ადგილი დაკავებული ქუდის მოხდას ერიდებოდა, რადგან გამდნარი ცვილით თავის დაწვას უფრთხოდა. არ ჰქონდა თეატრს არც გათბობის სისტემა, რაც განსაკუთრებით პრობლემური ზამთრის სეზონზე იყო, როცა რესპექტაბელური პუბლიკა ქურქებსა და ბეწვის მოსასხამებში გახვეული სტუმრობდა ლა სკალას, მით უფრო, რომ თავიდან თეატრში არა მხოლოდ მუსიკალური წარმოდგენები, არამედ მეჯლისები, აზარტული თამაშები და კორიდაც კი იმართებოდა.
აღსანიშნავია, რომ თეატრის მშენებლობასა და ინტერიერის გაფორმებაზე იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი თანხა - 1 მილიონი ლირა დაიხარჯა, რომლის დაფარვა ქალაქის 90-მა არისტოკრატმა ითავა. რა თქმა უნდა, ასწლეულების მანძილზე თეატრმა მრავალგზის რეკონსტრუქცია განიცადა და მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს ლა სკალას საკონცერტო დარბაზი 2030 მაყურებელს იტევს და ევროპაში უდიდესი - 100 კვადრატული მეტრის საორკესტრო ორმო აქვს.
* * *
ოფიციალურად თეატრი 1778 წელს გაიხსნა ანტონიო სალიერის ოპერით "აღიარებული ევროპა", რომელიც სპეციალურად ღირსშესანიშნავი თარიღისთვის დაიწერა. მართალია, თავისი წვლილი თეატრის პოპულარიზაციაში ცნობილმა კომპოზიტორებმა ჯაკომო პუჩინიმ, არტურო ტოსკანინიმ, ჯოაკინო როსინიმ და გაეტანო დონიცეტიმ შეიტანეს, მაგრამ ნამდვილი აღიარება ლა სკალამ 1842 წელს მოიპოვა ჯუზეპე ვერდის "ნაბუქოს" ტრიუმფალური წარმატების შემდეგ.
სხვათა შორის, პარიზის მსგავსად მილანშიც არსებობდა ე.წ. "აპლოდისმენტების სააგენტო", რომელიც მსურველებს პროფესიონალი "ტაშის დამკვრელებით" უზრუნველყოფდა. სააგენტოს მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ლა სკალას ხელმძღვანელობაც, რომელიც მამაკაც "ტაშისმკვრელებს" 25 ლირას, ქალბატონებს კი, 15 ლირას უხდიდა.
სხვა "თავმოყვარე" თეატრების მსგავსად, ლა სკალასაც ჰყავს თავისი მოჩვენება. მეტიც, ლეგენდის თანახმად, თეატრში ერთდროულად ორი აჩრდილი ცხოვრობს, რადგან მე-19 საუკუნის ცნობილ სოპრანოსთან მარია მალიბრანისთან ერთად, 1977 წელს ლა სკალაში მარია კალასის აჩრდილიც დაბინავდა. კალასის დებიუტი მილანური თეატრის სცენაზე 1950 წელს შედგა, ერთი წლის შემდეგ კი, სოპრანომ რენატა ტებალდი შეცვალა ვერდის ოპერა "აიდაში", რომლის წყალობით "იტალიელი პრიმადონების დედოფლის" ტიტული მოიპოვა.