"მხოლოდ ის ადამიანი შეძლებს წარმატების მიღწევას, ვისაც არ ეშინია იყოს ნამდვილი, გულწრფელი და არ ცდილობს ნიღბის მორგებას სხვებისთვის თავის მოსაწონებლად, შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ყველა შეგიყვარებს", - აღნიშნა ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა, რომელმაც ნაკლებად ვარსკვლავური გარეგნობის მიუხედავად, სწორედ საკუთარი თვითმყოფადობისა და უნიკალურობის წყალობით დაიმსახურა მილიონობით მელომან - Palitra News

"მხოლოდ ის ადამიანი შეძლებს წარმატების მიღწევას, ვისაც არ ეშინია იყოს ნამდვილი, გულწრფელი და არ ცდილობს ნიღბის მორგებას სხვებისთვის თავის მოსაწონებლად, შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ყველა შეგიყვარებს", - აღნიშნა ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა, რომელმაც ნაკლებად ვარსკვლავური გარეგნობის მიუხედავად, სწორედ საკუთარი თვითმყოფადობისა და უნიკალურობის წყალობით დაიმსახურა მილიონობით მელომან

2025-09-11 11:16:01+04:00

"მხოლოდ ის ადამიანი შეძლებს წარმატების მიღწევას, ვისაც არ ეშინია იყოს ნამდვილი, გულწრფელი და არ ცდილობს ნიღბის მორგებას სხვებისთვის თავის მოსაწონებლად. შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ყველა შეგიყვარებს", - აღნიშნა ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა, რომელმაც ნაკლებად ვარსკვლავური გარეგნობის მიუხედავად, სწორედ საკუთარი თვითმყოფადობისა და უნიკალურობის წყალობით დაიმსახურა მილიონობით მელომანის პატივისცემა.

* * *

ედვარდ კრისტოფერ შირანი 1991 წლის 17 თებერვალს დაიბადა ინგლისის პატარა ქალაქ ჰალიფაქსში. მომავალმა მუსიკოსმა ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა ხელოვნება მშობლების წყალობით, რომლებიც სამხატვრო გალერეებს ხელმძღვანელობდნენ ბრედფორდსა და მანჩესტერში. 4 წლის ასაკში ედი უფროს ძმასთან - მეთიუსთან ერთად შეუერთდა ადგილობრივი ეკლესიის გუნდს, სადაც რამდენიმე წელი მღეროდა. მუსიკა აქცია საკუთარ პროფესიად მეთიუმაც, რომელიც დღეს წარმატებული კომპოზიტორია, თუმცა მეტწილად ტელეშოუებისა და ფილმებისთვის ქმნის საუნდთრეკებს.

სკოლაში სწავლისას მოზარდმა შირანმა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე ისწავლა დაკვრა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც გიტარა შეიყვარა, რომელზეც საათობით უკრავდა და ღიღინებდა. მარტივ მელოდიებს ედი რვეულში იწერდა, რისი წყალობით რამდენიმე წელიწადში საკმარისი კომპოზიციები დააგროვა ალბომის ჩასაწერად. სხვათა შორის, მუსიკოსს მეტად უჩვეულო ჩვეულება აქვს, რადგან ადამიანების სახელებს არქმევს საკუთარ გიტარებს, ამიტომ მის კოლექციაში მრავლადაა ინსტრუმენტები ფელიქსის, ნაიჯელის, ლოიდისა და სირილის სახელებით.

* * *

მართალია, დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბავშვობაში ედის საშინლად ებმოდა ენა, რაც არა მხოლოდ ადამიანებთან კომუნიკაციაში უშლიდა ხელს, არამედ საკუთარ თავზე ბრაზისა და დეპრესიის მიზეზიც ხშირად ხდებოდა. მძიმე სენის დაძლევაში შირანს ემინემის ალბომი The Marshall Mathers LP დაეხმარა, რომელიც საჩუქრად მიიღო და ისე აღფრთოვანდა, რომ ყველა კომპოზიცია ზეპირად ისწავლა. საყვარელი შემსრულებლის სიმღერების ტექსტების მუდმივად გამეორებისას, ედიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ აბსოლუტურად გამართულად საუბრობდა, ოცნება კი, გაეცნო საკუთარი კერპი, 2017 წელს აისრულა, როცა ემინემთან ერთად ჩაწერა კომპოზიცია River, მისი მეცხრე სტუდიური ალბომისთვის Revival.

* * *

2005 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სამოყვარულო მინი-ალბომი The Orange Room გამოუშვა, რასაც მოგვიანებით კიდევ ორი ნაკრები Ed Sheeran და Want Some? მოჰყვა. 2006 წელს 15 წლის შირანმა ლონდონში გადაწყვიტა გადაბარგდა, სადაც ჯერ ნაციონალურ ახალგაზრდულ თეატრში მიიღეს, მერე ბრიტანეთის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის დასს შეუერთდა და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა "ფნანკენშტეინის" ახალ დადგმაში. დღეს მუსიკოსი თავად მფარველობს თეატრს და არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარება, არამედ მისი დადგმების რეკლამირებასაც ცდილობს.

სხვათა შორის, ლონდონში ახალბედა მუსიკოსი თითქმის ყოველდღე მართავდა ნახევრად პროფესიონალურ გამოსვლებს მცირე აუდიტორიისთვის. ახალბედა მუსიკოსი ისე გაიტაცა სცენაზე მუშაობამ, რომ 2009 წელს 300-ზე მეტი კონცერტი გამართა, თუმცა არც სტუდიაში საქმიანობა დაივიწყა და მესამე ალბომი You Need E’s ჩაწერა. როგორც თავად შირანმა აღნიშნა, ერთგვარი საკონცერტო მარათონის მოწყობა ბრიტანელი მუსიკოსის ჯეიმს მორისონის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა, რომელმაც 200 კონცერტის გამართვა შეძლო ერთი წლის მანძილზე და სწორედ მისი რეკორდის გაუმჯობესება სცადა, რაც ბრწყინვალედ გამოუვიდა.

* * *

შირანის მონდომება და მუსიკის სიყვარული 2011 წელს დაფასდა, როცა ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან Atlantic Records-თან და ალბომი + (plus) გამოუშვა, სინგლი The A Team კი, ბრიტანული ჩარტის ლიდერი გახდა და პირველი კომერციული წარმატება მოუტანა მის ავტორს.

10 წლის მანძილზე მუსიკოსმა რამდენიმე წარმატებული ალბომი და საოცრად ემოციური კომპოზიციები გამოუშვა, რომელთაც მსმენელის მოწონებასთან ერთად, პრესტიჟული პრემიები Grammy, BRIT Awards, Billboard Music Awards, Ivor Novello Awards და Young Hollywood Awards დაიმსახურეს. მეტიც, მუსიკოსმა რამდენიმე რეკორდიც დაამყარა, როცა მისმა სინგლებმა ყველაზე დიდხანს შეძლეს მსოფლიო ჩარტების ლიდერობის შენარჩუნება. დღეს შირანი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და კომერციულად წარმატებული მუსიკოსია 21-ე საუკუნის მუსიკის ისტორიაში.

პოპულარული ჟურნალის Forbes-ის მონაცემებით შირანის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად Shape of You ითვლება, რადგან 2017 წელს პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც 3 მილიარდი მოსმენა დააგროვა მუსიკალურ პლატფორმაზე Spotify-ზე. ამასთანავე, Shape of You ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად იქცა ბრიტანული ჩარტების ისტორიაში.

* * *

2012 წელს ლეგენდარული Pink Floyd-ისა და Genesis-ის გიტარისტებთან ნიკ მეისონთან და მაიკ როზენფორდთან ერთად შირანმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვაზე შეასრულა Pink Floyd-ის ცნობილი ჰიტი Wish You Were Here 1975 წელს გამოშვებული ამავე სახელწოდების ალბომიდან, რითაც პუბლიკის მოწონება დაიმსახურა.

* * *

მუსიკის პარალელურად შირანი, რომელმაც 2014 წელს ბიოგრაფიული რომანი "ედ შირანი. ჩემი მშვენიერი მოგზაურობა" გამოსცა, სერიოზულადაა გატაცებული კინოთი. მუსიკოსი არა მხოლოდ ეპიზოდური როლებით გამოჩნდა ფილმებში "ჯალათი", "თანამედროვე სიყვარული" და "სამეფო კარის თამაშები", არამედ მუსიკაც დაწერა ისეთი ცნობილი ბლოქბასტერებისთვის, როგორებიც "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა", "დამნაშავე ვარსკვლავები არიან" და სერიალი "ტედ ლასოა". სწორედ ამერიკული სპორტული კომედიის წყალობით იქცა კომპოზიცია A Beautiful Game ჰიტად.

* * *

კოლეგების მსგავსად, შირანიც აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. მართალია, მცირედით დაიწყო და თავიდან მხოლოდ საკუთარ, მეგობრების ნივთებს აბარებდა საქველმოქმედო მაღაზიებში, მაგრამ მოგვიანებით სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობას შეუერთდა, რომელსაც სისტემატურად აფინანსებს, 2019 წელს კი, საკუთარი ფონდი Ed Sheeran Suffolk Music Foundation დააარსა ახალგაზრდა მუსიკოსების დასახმარებლად.