* Summertime -
მართალია, ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი ჯორჯ გერშვინი საკმაოდ ადრე - 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მეტად ნაყოფიერი შემოქმედების წყალობით, მაინც ბევრის გაკეთება მოასწრო, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მუსიკის სამყაროში და უმდიდრესი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლებს.
უამრავი ბრწყინვალე ნაწარმოების მიუხედავად, გერშვინის შემოქმედების სავიზიტო ბარათად მაინც ოპერა "პორგი და ბესი" იქცა, რომელიც მთლიანად ჯაზურ კომპოზიციებზე აიგო და დღეს მთავარ ამერიკულ ოპერად ითვლება. არაჩვეულებრივმა მუსიკალურმა სპექტაკლმა საოცარ ნაწარმოებებს მოუყარა თავი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციამ Summertime მოიპოვა.
* * *
1924 წელს ამერიკაში დიუბოს ჰეივორდის რომანი "პორგი" გამოვიდა, რომელიც მოგვიანებით ავტორმა პიესად გადააკეთა. ნაწარმოებმა მეტად რეალისტურად მოუთხრო მკითხველს ჩარლსტონის ღატაკი კვარტლის შავკანიანი ბინადრების მძიმე ცხოვრებაზე და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან ღარიბმა, თუმცა საოცრად კეთილმა და გულწრფელმა გმირებმა არა მხოლოდ პუბლიკის თანაგრძნობა, არამედ სიმპათიაც დაიმსახურეს.
* * *
სხვების მსგავსად რომანით გერშვინიც დაინტერესდა და წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი შეიძინა, თუმცა დროის სიმცირის გამო დიდხანს ვერ შეძლო მისი წაკითხვა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაახსენდა, როცა გვიან ღამით უძილობით იტანჯებოდა. კომპოზიტორმა ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა მთელი რომანი და პირველ რიგში ლიტერატურული ნაწარმოების საოცარი "ხმოვანი გაფორმებით" აღფრთოვანდა, რადგან ავტორი ბრწყინვალედ აღწერდა ზარების რეკვის ხმას, ოკეანის ტალღების დგაფუნს და თოლიების ყვირილს. საოცრად მუსიკალურები აღმოჩდნენ რომანის გმირებიც, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, სიხარულსა თუ დარდში მღეროდნენ და უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
როგორც მოგვიანებით თავად გერშვინმა აღნიშნა, "პორგის" კითხვისას უნებურად გაახმოვანა მისი ყველა ეპიზოდი და მიხვდა, რომ ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოების შექმნა შეიძლებოდა რომანის მოტივებზე. შთაგონებულმა გერშვინმა მეორე დღესვე მისწერა წერილი ჰეივორდს თანამშრომლობის შეთავაზებით, არ დააყოვნა არც პასუხმა. მართალია, კომპოზიტორი და მწერალი რამდენიმე დღეში შეხვდნენ ერთმანეთს და დეტალურად განიხილეს ოპერის შექმნის იდეა, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩანაფიქრის განხორციელება.
* * *
გერშვინი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაუბრუნდა პროექტს, როცა ჰეივორდთან ერთად მოაწერა ხელი Guild Theatre-სთან გაფორმებულ კონტრაქტს. ოპერის ლიბრეტოზე მეტწილად რომანის ავტორმა იმუშავა, კომპოზიტორის ძმა აირა გერშვინი კი, მხოლოდ დასკვნით ეტაპზე შეუერთდა უმნიშვნელო ცვლილებების შესატანად. მანვე დაწერა ტექსტი "კლარას იავნანას" უკვე შექმნილ მელოდიაზე, რომელმაც მოგვიანებით Summertime-ის სახელი შეიძინა.
* * *
გერშვინმა, რომელიც ყოველთვის საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ახალი ნაწარმოების შექმნას, არც ამჯერად უღალატა საკუთარ თავს და ჩარლსტონში გაემგზავრა საპორტო ქალაქის იმ შავკანიანი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად, რომლებიც ჯერ რომანის, მერე, მისი ოპერის გმირები გახდნენ. ჩარლსტონში რამდენიმედღიანი ვიზიტის დროს კომპოზიტორმა ჯერ აფროამერიკული კვარტალი მოინახულა, მერე პოპულარულ კაფეს ესტუმრა და სიამოვნებით გაესაუბრა ადგილობრივებს, რომლებიც ისეთივე ლაღი და გულწრფელები აღმოჩნდნენ, როგორებიც ჰეივორდს ჰყავდა აღწერილი.
ნიუ-იორკში შთაბეჭდილებებით დაბრუნებულმა გერშვინმა რამდენიმე დღეში დაწერა ოპერა, რომელსაც ლიტერატურული პირველწყაროსგან განსხვავებით "პორგი და ბესი" უწოდა, თუმცა 1935 წელს დადგმულმა მუსიკალურმა სპექტაკლმა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოიპოვა პოპულარობა, როცა საავტორო უფლებები პროდიუსერმა სემიუელ გოლდვინმა შეიძინა, 1959 წელს კი, ფილმი დადგა სიდნი პუატიესა და დოროთი დენდრიჯის მონაწილეობით. სამწუხაროდ, ვერც გერშვინმა, ვერც ჰეივორდმა ვერ შეძლეს ფილმის ნახვა, რომელიც ავტორებმა სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნეს.
* * *
მართალია, დღეს ოპერის "პორგი და ბესის" თითქმის ყველა კომპოზიცია პოპულარობით სარგებლობს და ხშირად სრულდება ცნობილი მომღერლების მიერ, მაგრამ მთავარ შედევრად მაინც მგრძნობიარე და ემოციური Summertime ითვლება, რომელშიც გერშვინმა ოსტატურად გააერთიანა სპირიჩუელის, ბლუზისა და აფროამერიკული ფოლკლორის მოტივები, რითაც საოცრად მელანქოლიური განწყობა შემატა კომპოზიციას.
მუსიკალური დადგმის ლაიტმოტივად ქცეული Summertime ოთხივე აქტში გაჟღერდა განსხვავებული ვერსიით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მუსიკოსები დღემდე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ასრულებენ კომპოზიციას.
* * *
Summertime როგორც დამოუკიდებელი მუსიკალური ნაწარმოები პირველმა ები მიტჩელმა შეასრულა, ოპერის დადგმიდან ერთი წლის შემდეგ კი, საკუთარი ვერსია ბილი ჰოლიდეიმ შესთავაზა პუბლიკას, თუმცა მსოფლიო შედევრად კომპოზიცია მაინც ელა ფიცჯერალდისა და ლუი არმსტრონგის შესრულებით იქცა.
დღეს მრავალგზის ტიტულებით დამშვენებული Summertime ყველა დროის სუპერჰიტად და ჯაზის სტანდარტად ითვლება. მეტიც, სხვადასხვა მომღერლის მიერ შესრულებული ვერსიების სიმრავლით, რომელმაც 25 ათასს მიაღწია, კომპოზიციამ Beatles-ის სუპერპოპულარული Yesterday-ც უკან ჩამოიტოვა, მით უფრო, რომ ვოკალური ვერსიების პარალელურად უამრავი ინსტრუმენტული ვარიანტი არსებობს ისეთი ცნობილი მუსიკოსების შესრულებით, როგორებიც მაილს დევისი, ჩარლი პარკერი და ოსკარ პიტერსონი არიან.